„ვისოლი“ ტელეეთერიდან ხსნის რეკლამის შემოკლებულ ვერსიას, რომლიდანაც ანდრო ჭიჭინაძის კადრია ამოჭრილი

კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” მისი გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას სახელით განცხადებას ავრცელებს კომპანიის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით და დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს იმას, რომ ვიდეოდან კადრი მსახიობის მონაწილეობით პოლიტიკური ნიშნით ამოჭრეს.
ხორავა ასევე წერს, რომ გადაწყვიტეს, „შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით“ საერთოდ მოხსნან სატელევიზიო ეთერიდან კლიპის შემოკლებული ვერსია.
ამავე განცხადებაში წერია, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით „ვისოლის“ სარეკლამო კლიპის სრული ვერსია, დღემდე ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ ქსელებში.
„გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით სარეკლამო კლიპის სრული ვერსია სატელევიზიო ეთერში განმეორებით გადიოდა 2024 წლის სექტემბრიდან. მსახიობთან განახლებული კონტრაქტის საფუძველზე, მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა სატელევიზიო ეთერში 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გვქონდა.
შესაბამისად, დაკორექტირდა კლიპიც და ახალი ვერსია ტელევიზიებს გაეგზავნათ 2024 წლის 26 ნოემბერს, ხოლო დაკორექტირებული რგოლი ეთერში განთავსდა 1 დეკემბრიდან. მსახიობის დაკავება კი, როგორც მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მოხდა“, – წერია განცხადებაში.
ვასილ ხორავა წერს, რომ დაუკავშირდნენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს და აუხსნეს შეთანხმების იურიდიული მხარე და იმედს გამოთქვამს, რომ ანდრო მალე დაუბრუნდება ოჯახს და თავის პროფესიას და მასთან სამომავლოდ თანამშრომლობაც შესაძლებელი იქნება.
ოთხ იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები “ვისოლის” რეკლამიდან, რომელშიც წინა, თითქმის იდენტური ვერსიისგან განსხვავებით, ანდრო ჭიჭინაძე აღარ ჩანდა. მოქალაქეების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ “ვისოლმა” ჭიჭინაძის კადრები სწორედ პოლიტიკური მიზეზით ამოიღო რეკლამიდან.
ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე კი წერდა, რომ მას „ვისოლიდან“ ურეკავდნენ, მაგრამ ის უარს აცხადებდა მათთან ყველანაირ გასაუბრებაზე:
„როგორმე უნდათ თავი იმართლონ! სამარცხვინოები“, – დაწერა მან.
“ახალი თეატრის” მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 7 დეკემბრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშია. მას ბრალად ედება პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ეს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. ხალხის მღელვარებას საფუძვლად უდევს “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილება – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს ასეულობით პირი, რომლებსაც ცემისა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. ათეულობით დაკავებული კვლავ საპატიმროში რჩება.