ვინ ჩავიდა საქართველოდან რუსეთში გამართულ “მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე”

1-ელიდან 7 მარტამდე რუსეთში, სოჭში “მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი” იმართება. ღონისძიება, რომელიც ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შექმნილ დასახლება სირიუსში ტარდება, მონაწილეობას საქართველოდან წასული დელეგაციაც იღებს.
რადიო თავისუფლების პროექტი, Эхо Кавказа აქვეყნებს საქართველოდან ჩასული იმ ადამიანების სახელებს, ვინც დაესწრო ფესტივალს, რომელიც პუტინის მხარდაჭერით ტარდება.
ღია წყაროების მიხედვით, დელეგაციაში, რომელსაც პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი, დმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, შედიან: ანა ხოტივრიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე; იულია კლიუჩნიკოვა – რუსულენოვანი გიდი თბილისიდან; ინესა როდინა – საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში მარნეულიდან და “საქართველოს რუსი ახალგაზრდების ლიდერი”, როგორც ეს ლორთქიფანიძემ თქვა; კარინე არაკელიანი – პედაგოგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ფარავანიდან, ტატიანა ბალაბანოვა – მცხოვრები სოფელი გორელოვკიდან, რომელიც ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს; და რუსეთში ქართული თემის წარმომადგენლები. ამას გარდა, ლორთქიფანიძე თებერვალში ამბობდა, რომ დელეგაციაში იქნებოდა არჩილ სიხარულიძე, რომელიც არის ავტორის წიგნის “ს ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა”, რომელსაც, მისივე თქმით, “საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იყენებენ”.
ასევე, სოჭში ჩავიდა ლალი მოროშკინა, რომელიც პერიოდულად ესაუბრება რუსულ ტელეარხებს. ის პუტინის მხარდაჭერით ჩატარებულ ფესტივალს საკუთარ Facebook-გვერდზე აქტიურად აშუქებს, ისაუბრა რუსულ ტელევიზიასთანაც.
ფესტივალს ესწრებოდნენ დელეგაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც და გამოფენილი ჰქონდათ საკუთარი დროშებიც.
აქამდე, ფესტივალთან დაკავშირებით პუტინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც “ერთა ძმობა” “რუსეთის საყრდენად და უპირატესობად” მოიხსენია.
მანამდე, ღონისძიებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ, ТАСС-მა, საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარი გაავრცელა.
“დიახ, საქართველოდან დელეგაცია იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე. უკვე ჩამოყალიბდა 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. დელეგაციის წევრები არიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არის ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე – ავტორი ქართულენოვანი წიგნის სახელად რუსეთის ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი ლიტერატურის სახით იყენებენ”. – ამბობდა ლორთქიფანიძე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია – დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ყველაფერი დალაგდება