ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას – გახარიას პარტია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ეთანხმება.
„ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე. ეს არის ის, რასაც მუდმივად ვამბობდით. დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება.
ამასთან, დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას.
ეს საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი“, – ნათქვამია გახარიას პარტიის განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე პირველი განაჩენი 2024 წლის 7 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევა. 1-ელ აგვისტოს საია-მ სასამართლოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მას 6 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე ბრალი წაუყენა. ამჟამად გახარია საქართველოში არ იმყოფება. მან ქვეყანა რამდენიმე თვის წინ დატოვა და გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო