თუ მომავალ არჩევნებში ირაკლი ღარიბაშვილის ეგიდით ან ძველი გუნდის სახეებით შეიქმნება ახალი ორგანიზაცია, ის ხმებს “ქართულ ოცნებას” გაუყოფს და არა ოპოზიციას. “ქართულ ოცნებას” სჭირდება ხმები, რომელიც ვითომ ოპოზიციურია, მაგრამ, სინამდვილეში, წავა “ქართული ოცნების” ყულაბაში , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე შეფასებით, პრობლემა არა ოპოზიციური პარტიის შექმნა, არამედ ამომრჩეველთა გარკვეული სეგმენტის “ქართული ოცნებისკენ” წამოყვანაა.
“ფაქტი ერთია, მარტო ღარიბაშვილზე არ არის აქ, მთელი რიგი ცვლილებები ხდება სახელისუფლებო გუნდში. არ ვფიქრობ, რომ რაღაც ოპოზიციას შექმნის ღარიბაშვილი. რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ოპოზიციის შექმნაზე, ის შეიძლება მართლა გაკეთდეს, ოღონდ არა ღარიბაშვილის თამადობით, იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ოპოზიციონერობა პრობლემას ოპოზიციას კი არ შეუქმნის, თავად “ქართულ ოცნებას” შეუქმნის, რადგან მას გაუყოფს ხმებს. სხვა ხმები ღარიბაშვილს არ აქვს. ამას ისევ “ალტ-ინფო” ჯობია რომ აამუშაონ, რომელიც თან შენია და თან ოპოზიციაა.
აქ ოპოზიციური პარტიის შექმნა კი არაა პრობლემა იმდენად, ამომრჩეველთა რომელიღაც სეგმენტი უნდა წამოიღოს. “ხალხის ძალა” ვითომ ოპოზიციური იყო, მაგრამ ეს ყველამ იცოდა, რომ ვითომ ოპოზიციური იყო და როდესაც არჩევნების საკითხი დადგა, ის “ქართულ ოცნებასთან” ერთად გამოვიდა იმიტომ, რომ ცალკე რომ გასულიყო, ის “ქართულ ოცნებას” ხმებს გაუყოფდა.
აქ კიდევ ერთი მომენტია – ცალკე გამოსული “ხალხის ძალა,” როგორი მორჩილიც არ უნდა ყოფილიყო, ის თუ მართლა ცალკე იყრიდა კენჭს, მას გარკვეული ამბიციები გაუჩნდებოდა, “ალტ-ინფო” ხომ საერთოდ მოხსნეს არჩევნებიდან, ანუ ის ხმები, რომელსაც “ქართული ოცნება” თეორიულად აკონტროლებდა, უნდა წაეღო “ქართულ ოცნებას” – ეს იყო მიზანი.
ამიტომ ვამბობ, თუ მომავალ არჩევნებში ღარიბაშვილის ეგიდით ან ძველი გუნდის სახეებით შეიქმნება ახალი ორგანიზაცია, ის ხმებს “ქართულ ოცნებას” გაუყოფს და არა ოპოზიციას. “ქართულ ოცნებას” სჭირდება ის ხმები, რომელიც ვითომ ოპოზიციურია, მაგრამ, სინამდვილეში, წავა “ქართული ოცნების” ყულაბაში”, – განაცხადა ძაბირაძემ.
