ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, აშშ-ს კონგრესში, სენატსა და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
ოპოზიციური გაერთიანების დელეგაცია, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, ტრამპის ადმინისტრაციაში ქართველი ხალხის გზავნილს ჩაიტანს და ახალი არჩევნების გზით, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივაზე იმსჯელებენ.
პრესსამსახურის თანახმად, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია პირველ ოფიციალურ შეხვედრას, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, “მეგობარი აქტის” ავტორთან, ჯო უილსონთან გამართავენ.
„შეერთებული შტატების როგორც ახალმა, ისე ძველმა ადმინისტრაციამ, ”ქართულ ოცნებას” საბოლოოდ დაუსვა დიაგნოზი! ეს არის ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში და ყველანაირად ხელს უშლის ქვეყნის გაერთიანებას და კავშირებს იმ დასავლურ კურსთან, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და საზოგადოებამ აირჩიეს”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე და ჯო უილსონის დღევანდელ გზავნილსაც ეხმაურება.
“ჯო უილსონის დღევანდელი განცხადება არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ე.წ. პრემიერი, რომელიც კავშირშია რუსეთთან, ირანთან, „ჰეზბოლასთან“ და ა.შ. არიან შეერთებული შტატების პირდაპირი მტრები”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება ოფიციალური ვიზიტის მიზანს, როგორც ხაზარაძე განმარტავს, ისინი შტატებში ქართველი ხალხის მოთხოვნებს გააჟღერებენ.
“ჩვენი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ გადავცეთ ის გზავნილი, თუ რა მოხდა საქართველოში და რა ხდება ახლა. გადავცეთ იმ ადამიანების გზავნილები, რომლებიც რუსთაველზე არიან ორ თვეზე მეტია და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან დღესვე დავიწყოთ საუბარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, ეკონომიკური კავშირის აღდგენაზე და ინვესტიციების შემოტანაზე”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.