ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ კანადისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, იმ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ და ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში მიჩვეული ვართ. ასევე, რასაც ახლა ქუჩებში ვხედავთ, დემონსტრანტებისა და მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ეს არ არის ის რისი ნახვაც ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას გვსურს. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა არ გაჰყვეს ქართველი ხალხის ნებას და ევროკავშირს ზურგი აქციოს. ეს ასევე საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ასე რომ, უფრო ღრმა საკითხია“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ამასთან, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ იმ ადამიანების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა, „ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ევროკავშირის დონეზეც დააყენებს.
შეგახსენებთ, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შესვლას ვერ შეძლებენ.