ეროვნული ნაკრების სპარინგ-მატჩები დაიგეგმა: 23 ივნისს იტალიასთან, 28 ივნისს – ეგვიპტესთან

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 სპარინგ-მატჩს გამართავს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 23 ივნისს, ქალაქ ტრენტოში მასპინძელ იტალიას შეხვდება, ხოლო 28 ივნისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ეს გახლავთ ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი მთავარი მოვლენები. დანარჩენ დროს, 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ჩვენს ეროვნულ გუნდს საწვრთნელი შეკრება ექნება იტალიასა და ლატვიაში, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მომზადებასთან ერთად ოპტიმალური შემადგენლობა შეირჩევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასულ წელს, იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 საუკეთესოში მოხვედრით
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა. მოგეხსენებათ, ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში დარჩენილია 4 ადგილი, რომლებიც 4 სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საკვალიფიკაციო ტურნირებში გათამაშდება. ამ 4 ტურნირიდან საქართველო რიგის საკვალიფიკაციოში მოხვდა, სადაც ჩვენსა და მასპინძელ ლატვიასთან ერთად ბრაზილია, მონტენეგრო, ფილიპინები და კამერუნი მონაწილეობენ.
A ჯგუფში ლატვია, საქართველო და ფილიპინებია, ხოლო B-ში – ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. საქართველო 2 ივლისს ლატვიას, ხოლო 4-ში – ფილიპინებს ეთამაშება. 2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა და ჯვარედინად დაუწყვილდება B ჯგუფიდან გამოსულ 2 საუკეთესოს. ნახევარფინალური მატჩები 6 ივლისს, ხოლო ფინალი 7-შია დაგეგმილი. ოლიმპიადის ერთადერთ საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
ლატვიის გარდა 6-6 გუნდიანი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება სან ხუანში (პუერტო რიკო), პირეოსში (საბერძნეთი) და ვალენსიაში (ესპანეთი), სადაც ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
GBF.GE