ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს პროკურატურას, დროულად დაიწყოს გამოძიება პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თავდასხმაზე. ამის შესახებ პარტიის წევრებმა პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“პოლიტიკური და ფიზიკური ანგარიშსწორება პროდასავლელ ოპოზიციის ლიდერზე, რომელიც იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოძიება დაიწყოს, დამნაშავეები დაისაჯონ. თუმცა ყველამ ვიცით, პროკურატურის ხასიათი, ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების აღმასრულებელი არის ბატონი შოთაძე და ცხადია, ისინი გამოძიებას არ დაიწყებენ.
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მტკიცებულება, როგორც ფოტომტკიცებულება, ასევე ვიდეომტკიცებულება ჰქონდეს გამოძიებას, ვინაიდან, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს ქართულ სახელმწიფოს და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს კანონის წინაშე. პოლიტიკური პარტია, რომელიც გველაპარაკება სარწმუნოებაზე ვნების შვიდეულში, ოთხშაბათ დღეს გაყიდა საქართველო, მათ შორის იძალადა ახალგაზრდებზე და ეს არის მათი დამოკიდებულება. ისინი არცხვენენ სარწმუნოებასაც, ენასაც და მამულსაც. ეს მოძალადე რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს”, – ამბობს პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლაშა ფარულავა.
30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს.