საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ პანელურ ფორმატში საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდის პოტენციალზე ისაუბრა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პანელური დისკუსია, რომელშიც ეროვნული ბანკის გარდა “გალტ & თაგარტის”, “თიბისი კაპიტალისა” და საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, „სელფი მობაილის“ მიერ განხორციელებული სადებიუტო 65 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით განთავსებასთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ინვესტორი, რომელმაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებში განახორციელა ინვესტიცია, მათ შორის საპენსიო სააგენტოცაა.
„მიუხედავად იმისა, რომ კორპორატიული ობლიგაციების ბაზარმა ბოლო წლებში დიდი ზრდა გვაჩვენა და 2023 წლის ბოლოს 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ქართული კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში საბანკო სესხების ხვედრითი წილი კვლავ საკმაოდ მაღალია. კორპორაციული სეგმენტის საბანკო სესხებზე დამოკიდებულება გვხვდება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებშიც. თუმცა, რომ შევადაროთ ევროკავშირში კომპანიების დაფინანსების ჭრილში საბანკო სესხებისა და ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მოცულობა, ობლიგაციების წილი ევროპაში საშუალოდ 24%-ს შეადგენს. შესაბამისად, კორპორაციული ობლიგაციების ბაზარს საქართველოში შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია“, – აღნიშნა პანელური დისკუსიის ფარგლებში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ლარის ობლიგაციების გამოშვებით კომპანიები სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შემცირებას შეძლებენ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ლარში დენომინირებული ფინანანსური ინსტრუმენტების ბაზრის განვითარება ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობასაც შეუწყობს ხელს.