ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე საქართველოს მიერ გავლილ გზას დღეს პარლამენტში აფასებდნენ. საშემოდგომო სესიის ბოლო პოლიტიკურ დებატებშიც დეპუტატები ერთმანეთში არკვევდნენ, ვისი დამსახურებაა ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო რამდენიმე დღეში ბრიუსელიდან ელოდება.
“ქართული ოცნება” თავისი მმართველობის წლებს და იმ ეტაპებს იხსენებს, რომლებითაც საქართველო ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით უახლოვდებოდა ევროკავშირს. ოპოზიციაში კი პოზიციები ისევ გაყოფილია. ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესის აღიარების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი მაინც არ აპირებს იმ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, რომლებმაც ქვეყანა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს, თუმცა ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კი, კვლავაც მზად არის თანამშრომლობისთვის.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, მმართველმა პარტიამ სესიაზე შეაჯამა განვლილი ერთი წელი. ითქვა, რომ სახელისუფლებო ძალას პარტნიორების დარწმუნება ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართული ხელის შეშლის პირობებში უწევდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ახლა ოფიციალური დადასტურება აკლია. ამის შემდეგ ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობა და უკვე წევრობაზე მოლაპარაკების გახსნისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულება სჭირდება. ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზად არის. ნაწილისთვის საინტერესო კვლავ ისაა, თუ ვისი დამსახურებაა ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიული გადაწყვეტილება.
ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა – ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებაზე საუბრის დროს მმართველი პარტია აქცენტს სწორედ ამ მიღწევებზე აკეთებს და აცხადებს, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს შედეგისთვის ქვეყანა 2012 წლიდან დგამდა.
სტატუსის მინიჭებაზე განცხადებებს უნგრეთისა და უკრაინის კონტექსტის გარეშე არ ჩაუვლია.
უკრაინასთან უნგრეთის დამოკიდებულება რომ საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ეს ოპონენტებს მმართველი პარტიის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ განუმარტეს.
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის ლიდერები 14 დეკემბერს შეიკრიბებიან.