ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტი და საბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ.
შეჩერების მექანიზმის რეფორმა ევროკავშირს უმარტივებს მესამე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, უსაფრთხოების საკითხებიდან და ადამიანის უფლებების დარღვევებიდან გამომდინარე.
კერძოდ, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალ საფუძვლებია:
· უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ამან შეიძლება ევროკავშირში სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული შესვლის ზრდა გამოიწვიოს;
· ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის ან ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან;
· დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა და პროცედურებში ჰიბრიდული საფრთხეები და ნაკლოვანებები;
· ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
შესაბამისად, მომავალში, გაეროს წესდების დარღვევა, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი.
ამავდროულად, ნარჩუნდება შეჩერების მექანიზმის არსებული საფუძვლები, რომელთა შორისაა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობა, უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).
„რეფორმირებული სავიზო წესები ევროკავშირს მისცემს განახლებულ ინსტრუმენტს გეოპოლიტიკურ სიტუაციებსა და ახალ საფრთხეებზე რეაგირებისთვის. სავიზო პოლიტიკას შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში იმით, რომ უზრუნველყოფს, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევაში შედეგები დაწესდეს. ასეთ შემთხვევებში, მათი მთავრობის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს უნდა გაუუქმდეთ ევროკავშირში უვიზო შესვლა და ეს შეთანხმება ამას უფრო შესაძლებელს ხდის“, — განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა „სოციალ დემოკრატებიდან“ მატიაჟ ნემეცმა.
კანონის ძალაში შესვლამდე, დროებითი შეთანხმება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს როგორც პარლამენტის, ასევე საბჭოს მიერ.
ამჟამად 61 ქვეყნის — მათ შორის საქართველოს — მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მოგზაურობა.
მოქმედი კანონის თანახმად, ევროკომისიას დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს წინადადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით შეუძლია დაიწყოს მესამე ქვეყნებიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი, თავდაპირველად დროებით ხოლო შემდეგ, თუ საკითხები არ მოგვარდება, სამუდამოდ. დღემდე უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს შემთხვევაში გააუქმა.