ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრები 10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
პრესრელიზის თანახმად, დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის, ელჩის დელფინ პრონკის ხელმძღვანელობით შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები ასევე ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM Georgia) ეწვევიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს მოინახულებენ.
დელეგაციის ჩამოსვლა არის ნაწილი რეგიონში უფრო დიდი ვიზიტისა, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილი), ასევე აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან რეგიონში.
საქართველოში კომიტეტის მიერ პირველი ასეთი ვიზიტის 7 წლის წინ განხორციელების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრების დროს ხაზი გაუსვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ არსებული მომენტის გამოყენების მნიშვნელობას. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირის კარი წევრობისთვის ახლა ღიაა.
„კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. მოცემულ კონტექსტში, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მონაწილეობის მიდგომით, მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
დრო არ იცდის და ახლა არის დრო შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის. დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადება დაიმოწმა. ევროკავშირმა თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებაში დაცულ საკუთარ ღირებულებებს ხაზი გაუსვა”, – ნათქვამია პრესრელიზში.
კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ყველა დარჩენილი რეკომენდაციის გათვალისწინების საჭიროებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი