უკვე 17 წელია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 200-მდე წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. მისიის ხელმძღვანელის ბეტინა პატრისია ბუგანის თქმით, მისიის ამ თვალსაჩინო ყოფნას პრევენციული ეფექტი აქვს. როგორც მან „ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ეს რესურსები, რომლებიც სადამკვირვებლო მისიაში იდება, ხაზს უსვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მიმართ.
რა გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა ადმინისტრაციულ საზღვართან, რა არის სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიური მისია და როგორია მისი გრძელვადიანი ხედვა? ეს და სხვა აქტუალური საკითხები ვრცლად ბეტინა პატრისია ბუგანისთან ინტერვიუში.
– თითქმის ორი წლის წინ თქვენ დაიკავეთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ ამ დროის განმავლობაში თქვენ წინაშე დადგა მრავალი გამოწვევა და თქვენ შეძელით სხვადასხვა საკითხის გადაჭრა. რა მდგომარეობაა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ამჟამად? რა საკითხები დგას დღის წესრიგში ყველაზე ხშირად? ჩვენ ხშირად ვაშუქებთ „ბორდერიზაციასთნ“ დაკავშირებით განვითარებულ ახალ მოვლენებს და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ სირთულეებს, მათ შორის დაკავებებს. შეგიძლიათ გვითხრათ ამ კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ?
– გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. მოხარული ვარ ვისაუბრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ და გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოში ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც თითქმის ორი წლის წინ დავიკავე ჩემი თანამდებობა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ არსებული შედარებით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდგომ წლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები ხშირი იყო, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ მყიფე და არაპროგნოზირებადია, შესაბამისად ეს შედარებითი სტაბილურობა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისთავადად. აუცილებელია, რომ ყველა მხარემ პასუხისმგებლობით იმოქმედოს და თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რამაც შეიძლება ახალი ინციდენტები გამოიწვიოს.
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ შედარებითმა სტაბილურობამ გარკვეული სიმშვიდე შეჰმატა იქ მცხოვრებ თემებს, თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ისინი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენი დამკვირვებლები რეგულარულად საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა გაიგონ მათი წუხილები. ყველაზე ხშირად წამოჭრილი საკითხები მოიცავს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებებს და დაკავებებს. ეს შეზღუდვები მრავალმხრივ მოქმედებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ართულებენ რა მათთვის ოჯახის წევრებისა და მეგობრების მონახულებას, მიწის დამუშავებას, საარსებო წყაროს შოვნის შესაძლებლობას ან შვილებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფას.
დაკავებების რაოდენობა, ზოგადად წლების განმავლობაში შემცირდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს ადგილზე მდგომარეობის აუცილებლად გაუმჯობესებას. ხალხმა კარგად იცის, რომ ასეთი დაკავებები ხდება. შედეგად, ბევრს ეშინია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან მიახლოების, იმის შიშით რომ შეიძლება თავად იყვნენ დაკავებულნი. ამ შიშებმა “ბორდერიზაციის” მიმდინარე პროცესით გამოწვეულ ფიზიკურ ბარიერებთან ერთად ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერები შექმნა.
– 17 წელია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საქმიანობს, მას შემდეგ, რაც ის 2008 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში ის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს სტაბილურობის შენარჩუნებასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს. თქვენი შეხედულებით, რას დაასახელებდით მისიის მთავარ მიღწევად ამ 17 წლის განმავლობაში?
– გასული 17 წლის განმავლობაში, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდთან შედარებით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ სიტუაცია გაცილებით სტაბილური გახდა. მე ვიტყოდი, რომ მისიის მთავარ მიღწევას წარმოადგენს ჩვენი წვლილი ამ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში, რასაც ჩვენ რამდენიმე გზით ვუჭერთ მხარს.
ჩვენი დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე, აკვირდებიან კონფლიქტთან დაკავშირებულ მოვლენებს და აწარმოებენ ანგარიშგებას მათ შესახებ. ამ თვალსაჩინო ყოფნას პრევენციული ეფექტი აქვს, ყველა მხარემ იცის, რომ ჩვენ ადგილზე ვართ და შეგვიძლია ვიხილოთ ნებისმიერი საქმიანობა, რომელშიც ისინი შეიძლება იყვნენ ჩართულნი. ჩვენ, ასევე, ვუწყობთ ხელს დიალოგს ნდობის აღდგენის ისეთი მექანიზმების მეშვეობით, როგორებიც არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს მხარეებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას და ინციდენტების ესკალაციის თავიდან აცილებას.
ამ შედარებით სტაბილურობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მიღწევა მდგომარეობს იმაში, რომ ის ადგილობრივ თემებს საშუალებას აძლევს, უფრო ნორმალურად და უსაფრთხოდ გააგრძელონ მათი ყოველდღიური ცხოვრება. ეს სიმართლეს წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ აწყდებიან იმ ყოველდღიურ გამოწვევებს, რომლებიც ზემოთ ვახსენე. ჩვენს დამკვირვებლებს ხშირად ესმით მცხოვრებლებისგან, რომ ჩვენი პატრულირებები მათ უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. როდესაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მათ შეუძლიათ, ყოველდღიური ცხოვრებით იცხოვრონ და ნაკლები შიშითა და დაშინებით იარსებონ.
– ასევე, მინდა გკითხოთ, რა არის მთავარი გამოწვევა, რომლის გადაჭრაც მისიამ აქამდე ვერ შეძლო?
– ჩვენი მისიისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად კვლავ რჩება საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შესვლის შეუძლებლობა. ჩვენი პატრულირებების შედეგად ვიცით, რომ ჩვენს ყოფნას რეალური გავლენა აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ თემებზე. ადამიანები თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ და ინციდენტების ან დაკავებების რისკი უფრო დაბალია. როგორც უკვე აღვნიშნე, მცხოვრებლები ხშირად პირდაპირ უზიარებენ ამ აზრს ჩვენს დამკვირვებლებს. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება და დე ფაქტო ხელისუფლება აღიარებს ამ რეალობას და საშუალებას მოგვცემს, ვიმოქმედოთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მეორე მხარეს. ჩვენ ყველა დისკუსიაში განუწყვეტლივ ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სამოქალაქო, შეუიარაღებელი და მიუკერძოებელი მისია. იქ შესვლის შესაძლებლობა რეალურ ცვლილებას შეიტანდა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. ეს გააძლიერებდა მათ უსაფრთხოებას და ამით, ხელს შეუწყობდა მათთვის ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას. სწორედ ამ მიზეზით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრძელებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს სრული, შეუზღუდავი წვდომის შესაძლებლობის მიღებისკენ მიმართულ ძალისხმევას. როგორც მისიის ხელმძღვანელი, მე ასევე ვცდილობ, ყველას ავუხსნა ის კონკრეტული სარგებელი, რასაც ასეთი წვდომა მოუტანს ადგილზე მყოფ თემებს.
– ჩვენ ვიცით, რომ ადგილზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაახლოებით 200 დამკვირვებელი მუშაობს. თქვენი აზრით, ეს რაოდენობა საკმარისია იმ სამუშაოს მოცულობისთვის, რომელსაც თქვენ ადგილზე ასრულებთ?
– საბედნიეროდ, ჩვენ ადგილზე გვყავს მაღალკვალიფიციური და მოწადინებული გუნდი. დაახლოებით, 200 დამკვირვებელი, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან 25-ს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უზრუნველყოფენ სპეციალიზებული უნარებითა და ექსპერტული ცოდნის ფართო სპექტრით. გარდა ამისა, ჩვენ საქმიანობას შესაძლებელს ხდის 50.6 მილიონი ევროს ოდენობის ორწლიანი ბიუჯეტი, რომელიც, ასევე, გამოყოფილია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ. ერთად, ეს თავდადებული გუნდი და მნიშვნელოვანი რესურსები საშუალებას გვაძლევს, ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი მანდატი: ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უწყვეტი ყოფნის შენარჩუნება, ინციდენტებზე რეაგირება და ადგილობრივი თემების მხარდაჭერა. მთლიანობაში აღსანიშნავია, რომ ეს რესურსები ხაზს უსვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მიმართ. ეს ასახავს რეგიონში მშვიდობისადმი გრძელვადიან ვალდებულებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მახლობლად მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელება მეტი თავდაჯერებულობითა და უსაფრთხოებით.
– ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ძალიან მკაფიოდ აქვს გაცხადებული მიზნები, რომელთა ერთგულიც ის 17 წელია რჩება. ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პრიორიტეტებია: უზრუნველყოს, საომარი მოქმედებების განუახლებლობა; ხელი შეუწყოს უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას ადგილობრივი თემებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს; ნდობის აღდგენა კონფლიქტის მხარეებს შორის და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირება საქართველოს შესახებ. თუმცა, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი პირადი, როგორც მისიის ხელმძღვანელის მიზანი, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში და რა კვალი გსურთ პირადად დატოვოთ?
– ჩემი, როგორც მისიის ხელმძღვანელის, მთავარი მიზნები ბუნებრივად ემთხვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძირითად მანდატს: ხელი შევუწყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოების ვითარების სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩემს როლს ვხედავ მისიის მიერ გასული 17 წლის განმავლობაში მიღწეული ძლიერი მემკვიდრეობის გაღრმავებაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი სამუშაოს ეფექტიანად და შედეგიანად შესრულება. ჩემი ყურადღების ცენტრში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანები არიან. მსურს, რომ ჩვენმა საქმიანობამ რეალური, ხელშესახები გაუმჯობესება გამოიწვიოს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ჯერ კიდევ განიცდიან კონფლიქტის გავლენას. სწორედ ამიტომ, დიდ ყურადღებას ვაქცევ ადგილობრივ თემებთან მჭიდრო ჩართულობას. ჩვენი დამკვირვებლები ყოველდღიურად ესაუბრებიან მცხოვრებლებს, რათა გაიგონ მათი წუხილები და საჭიროებები, შესაბამის შემთხვევებში, ამ ინფორმაციას ვუზიარებთ მათ, ვისაც შეუძლია დახმარების გაწევა. იმედი მაქვს, რომ ჩემი უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთვის ჩვენ გვექნება შეტანილი წვლილი ამ თემებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისა და ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.
ოპერაციული თვალსაზრისით, ჩემი პრიორიტეტია მისიის საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვა. ეს გულისხმობს ხელმძღვანელობისა და ლიდერობის უზრუნველყოფას ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლების ერთგული გუნდისთვის, რომლებიც დღიდან დღემდე იმყოფებიან ადგილზე, აკვირდებიან და ამზადებენ ანგარიშგებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. მათი პროფესიონალიზმი არის ის, რაც მისიას სანდოობასა და გავლენას ანიჭებს. საბოლოოდ, მე მიზნად მაქვს კიდევ უფრო გავაძლიერო შესანიშნავი თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოში ევროკავშირის ინსტიტუციებს შორის. ასევე, ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ეუთოსთან, რომელთან ერთობლივადაც მე ვუწყობ ხელს ინიციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირებას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად.
– რადგან თქვენს პირად მიზნებზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ, რაში მდგომარეობს თქვენი დღის წესრიგი. რამდენად ხშირად სტუმრობთ პირადად ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებს და როგორია მოსახლეობის რეაქცია პირადად თქვენს და ზოგადად მისიის მიმართ?
– ვცდილობ, მივიღო მონაწილეობა პატრულირებაში იმ მაქსიმალური სიხშირით, რომლის საშუალებასაც ჩემი გრაფიკი მაძლევს. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის პირადად დანახვა აუცილებელია. ეს ნამდვილად რეალური შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობას მაძლევს. ასევე, ჩვენ რეგულარულად მიგვყავს მაღალი რანგის ოფიციალური პირები ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ჩვენი მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორი ქვეყნებიდან პატრულირებაზე. ისინი ყველა დეტალს ჩვენი ანგარიშგებებიდან იღებენ, თუმცა ადგილზე არსებული სიტუაციის რეალურად დანახვა მათ გაცილებით ნათელ სურათს აძლევს, ვიდრე ნებისმიერი ანგარიშგება. ეს პირველადი ცოდნა მათ შეუძლიათ თავიანთ დედაქალაქებში წაიღონ და საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკის ჩამოყალიბებისას გამოიყენონ.
ადგილზე მუშაობის გარდა, ინფორმაციას ვაგროვებ ჩემს გუნდთან დისკუსიებისა და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან შეხვედრების გზით, რომელთა შორის არიან ადგილობრივი ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები. პირდაპირი დაკვირვებისა და სტრუქტურირებული ჩართულობის ეს ერთობლიობა საშუალებას მაძლევს, სრული სურათი მივიღო იმის შესახებ, თუ რა ხდება ადგილზე. ყოველთვის მაოცებს ის, თუ რამდენად დადებითად ეხმაურებიან ადგილობრივი თემები ჩვენს საქმიანობასა და ადგილზე ყოფნას. ადამიანები ხშირად მეუბნებიან, თუ რამდენად აფასებენ ჩვენს პატრულირებას და იგივეს მესმის ჩვენი დამკვირვებლებისგანაც. ცხადია, რომ ჩვენი მუდმივი ადგილზე ყოფნა ნდობას მატებს და უსაფრთხოების განცდას უქმნის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას.
– ასევე, მაინტერესებს თქვენი გამოცდილება ცენტრალურ მთავრობასთან კომუნიკაციის კუთხით. რამდენად აქტიურად ურთიერთობთ საქართველოს მთავრობასთან და მეორე მხრივ, თქვენი აზრით, რამდენად აკეთებს ოფიციალური თბილისი ყველაფერს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ან მინიმუმ შესამცირებლად?
– ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს საქართველოს მთავრობასთან სამუშაო დონეზე, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის მიუკერძოებელი, აპოლიტიკური მისია. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს ან განცხადებებს სხვების საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ჩვენივე მანდატის შესრულებაზე, რათა ხელი შევუწყოთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ სტაბილურობას 24 საათი, კვირაში 7 დღის განმავლობაში დაკვირვების, ნდობის აღდგენისა და მიუკერძოებელი ანგარიშგების გზით.
– „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს აკრიტიკებენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ხშირად არ მონახულებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციის არარსებობის გამო. რა შეიძლება შეცვალოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე უფრო ხშირმა ვიზიტებმა და მოსახლეობასთან უფრო აქტიურმა საუბრებმა?
– ეჭვგარეშეა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე ვიზიტები და ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირი ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ადგილზე მყოფ ადამიანებთან საუბარი საშუალებას გაძლევთ, უფრო უკეთ გაერკვეთ ამ თემების ყოველდღიურ ცხოვრებაში და პირადად მოისმინოთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ არის ჰუმანიტარული ან განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვერ გავუწევთ დახმარებას. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მათ, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია. ეს საშუალებას იძლევა, სადაც შესაძლებელია, პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნას მოძიებული.
– ერგნეთში, მუშაობას აგრძელებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ჯგუფი. როგორ აფასებს მისია ამ ფორმატს? რას აჩვენებს პრობლემური საკითხების დინამიკა და მათზე რეაგირება?
– ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჭეშმარიტად უნიკალური ფორმატია. ის ტარდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით და მის ფარგლებში რეგულარულად ხვდებიან საქართველოს, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრები კონკრეტული საკითხებისა და ინციდენტების განხილვისა და მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი უზრუნველყოფს სივრცეს ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების შესასწავლად, რომლებიც აუმჯობესებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების ყოველდღიურ ცხოვრებას. ძირითადი თემები მოიცავს გადაადგილების თავისუფლებას, გადაკვეთის პუნქტების გახსნას, დაკავებებს და ირიგაციას.
პირადად მაქვს ნანახი, რამდენად კონსტრუქციული შეიძლება იყოს ეს შეხვედრები და როგორ შეიძლება მათ მოჰყვეს ხელშესახები შედეგები. მაგალითად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ჩვენ წარმატებით დავუჭირეთ მხარი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების გახსნას ისეთი რელიგიური დღესასწაულების დროს, როგორებიც არის აღდგომა და ლომისობა. ამან საშუალება მისცა ადამიანებს, მოენახულებინათ ოჯახები და რელიგიური ადგილები. ბოლო წლებში ჩვენ ასევე დავამყარეთ თანამშრომლობა ირიგაციის საკითხებში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხრიდან. ჩვენს ხელთ არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას, რადგან ყველა მხარეს საშუალებას აძლევს, 24 საათის განმავლობაში გაცვალონ ინფორმაცია გადაუდებელ საკითხებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე პასუხისმგებელი ჩვენი თანამშრომლები წარმოადგენენ ცენტრალურ საკონტაქტო პირებს, იღებენ რა ზარებს და გადასცემენ შეტყობინებებს. ამ ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენი მისია ასევე ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას სარწყავი წყლის დონის შესახებ, რათა დაეხმაროს ორივე მხარის ფერმერებს წყალზე წვდომაში. ეს მათ საშუალებას აძლევს, დაამუშაონ თავიანთი სავარგულები და შეინარჩუნონ საარსებო წყარო. ეს არის კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება დიალოგმა რეალური სარგებელი მოიტანოს ადგილობრივი თემებისთვის.
– ზოგადად, მინდა გკითხოთ, რამდენად ნაყოფიერია თანამშრომლობა ასეთ ფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში? გაქვთ თუ არა რაიმე რეკომენდაციები ამ ფორმატის ეფექტიანობის გასაზრდელად?
– როგორც ახლახან აღვნიშნე, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში მონაწილეობის ხასიათი კონსტრუქციული რჩება. ის ფაქტი, რომ 2009 წლის 23 აპრილს, პირველი შეხვედრის შემდეგ, 127 შეხვედრა გაიმართა და ყველა მონაწილე კვლავ ჩართულია მასში, მისი ხანგრძლივი ღირებულების მკაფიო ნიშანს წარმოადგენს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიზნები საკმაოდ განსხვავებულია ისევე როგორც განსხვავებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი თითოეულ მათგანში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი მიზნად ისახავს კონკრეტული, ყოველდღიური საკითხების გადაჭრას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კონფლიქტით დაზარალებულ თემებთან, მაშინ როდესაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები საერთაშორისოდ აღიარებული ერთადერთი პოლიტიკური ფორმატია, სადაც საქართველოში კონფლიქტის უფრო ფართოდ მოგვარება განიხილება.
და თუ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები ჩვენი თანათავმჯდომარეობით ტარდება, ჟენევაში ჩვენ ინფორმაციის მიმწოდებლის როლს ვასრულებთ. ჩვენ წარვადგენთ ჩვენს მიუკერძოებელ დაკვირვებებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ეს ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ საერთაშორისო დონეზე დისკუსიები ეფუძნებოდეს იმ რეალობას, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ადგილზე. ორივე ფორმატი მნიშვნელოვანია და ერთმანეთს ავსებს, თითოეული თავის როლს ასრულებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
“ინტერპრესნიუსი”
სალომე აბულაშვილი




