უკრაინისათვის ფინანსური დახმარების დაბრკოლების გამო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. მან, ტუსკის თქმით, უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთი „ჩვენი გაერთიანების ნაწილი.“
„ეს არის ვიქტორ ორბანის ძალიან უცნაური და ძალიან ეგოისტური თამაში და აქ არ არის ჩვენს პრინციპებთან და კანონის უზენაესობასთან კომპრომისის ადგილი. და ნამდვილად არ არის უკრაინის საკითხში კომპრომისის ადგილი“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, სადაც დღეს,1 თებერვალს, გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
შეთანხმება მიღწეულ იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
უკრაინასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ნამდვილად არ აქვს ე.წ. “უკრაინისგან დაღლილობის” პრობლემა, თუმცა ამჟამად ბრიუსელში არსებობს დაღლილობა ვიქტორ ორბანისგან.
ორბანმა დეკემბერში დაადო ვეტო უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას.
საქმე ეხება საფინანსო დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამ თანხის ნაწილი, 17 მილიარდი ევრო, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს.