მსურს, ირანთან ბირთვულ პრობლემას რეალური დასასრული ჰქონდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის დატოვების შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოლოდინი მქონდა. რეალური დასასრულის მიღწევა მსურს და ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ტემპს არ შეანელებს.
„მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიგებთ. თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ჯერჯერობით არავინ შენელებულა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ გაკეთებულ განაცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ირანი ბირთვულ იარაღზე არ მუშაობს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ირანი „ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის“.
„არ მაინტერესებს, რა თქვა მან, ისინი ბირთვული იარაღის ფლობასთან ძალიან ახლოს არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
