დიღმის ჭალების მცველი – დიღმის ჭალების ტერიტორია განადგურდა, მოხდა მისი სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურება, რომელთა სიღრმე შეიძლება 15 მეტრი იყოს

დიღმის ჭალების მცველის, ანა ტრაპაიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში, დიღმის ჭალების ტერიტორია განადგურდა, მოხდა მისი სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურება, რომელთა სიღრმე ალაგ-ალაგ, შეიძლება, 15 მეტრი იყოს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აზიის განვითარების ბანკმა ტერიტორიის კვლევა ჩაატარა და ახლა მუშავდება რეკომენდაციები, როგორ შეიძლება აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა და რეკრეაციულ ზონად გადაკეთება.
მისივე თქმით, თბილისის განაშენიანების გეგმის მიხედვით, დიღმის ჭალები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სარეკრეაციო ზონაა.
„გენგეგმის მიხედვით, დიღმის ჭალები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სარეკრეაციო ზონაა. ის მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაშია ჯერ კიდევ. ბოლო პერიოდში, დიღმის ჭალები განადგურდა, რესურსების მოპოვება მოხდა და შემდეგ, სამშენებლო ნარჩენებში ჩაფვლა. იმ მიზნით, რომ შემდეგ გაუტყევებელ ტერიტორიაზე მომხდარიყო სხვანაირად ურბანიზაცია. ამ ეტაპზე, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, დაახლოებით, 300 ჰექტარამდე ტერიტორიის შესწავლას. 2023 წლის ივნისიდან მოყოლებული ტერიტორიის კვლევა ჩატარდა და ახლა უკვე, რეკომენდაციების შემუშავების ეტაპზე გადავიდნენ, რომელიც საფუძვლად დაედება დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიის დოკუმენტს. კვლევა ჩაატარა საერთაშორისო კომპანია “სმეკმა” და უცხოელმა ექსპერტებმა. ეს დოკუმენტი გაწერს სამოქმედო გეგმას. 15 წელი იქნება მაქსიმალური ვადა, როგორ შეიძლება, რომ ეს ტერიტორია აღდგეს.
მთავარი გამოწვევა ისაა, რომ დიღმის ჭალები უზარმაზარი რაოდენობის სამშენებლო ნარჩენებითაა დაბინძურებული. ალაგ-ალაგ შეიძლება, 15 მეტრამდე იყოს სამშენებლო ნარჩენების სიღრმე. მისი გატანა ინჟინრულ გათვლას საჭიროებს. შეიძლება თუ არა მისი აღდგენა. ამ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და უკვე 2024 წლის ივნისში გვექნება დასრულებული დოკუმენტი“, – განაცხადა ანა ტრაპაიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტისგან არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ამ პერიოდში ეს ტერიტორია აუქციონზე არ გავა ან არ გასხვისდება.
„კვლევის დამკვეთი არის თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი. ჯერ დონორთან მივედით, აზიის განვითარების ბანკთან და მერე მას ჰქონდა კომუნიკაცია მერიასთან.
მათი [მერიის] მხრიდან არ გვაქვს მტკიცე გარანტიები, რომ ეს ტერიტორია არ გავა აუქციონზე, რომ არ გასხვისდება, რომ იჯარით არ გაიცემა ან ფრაგმენტაცია არ მოხდება. ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ რისკს. 75% მაინც არის სახელმწიფოს და მერიის მფლობელობაში.
მერია, სამწუხაროდ, პირად კომუნიკაციაზე არ გამოდის, ისევ დონორის და შუამავლის საშუალებით გვაქვს კომუნიკაცია. ამიტომ, ჩვენთვის უცნობია როგორ აპირებს მერია განახორციელოს ეს პროექტი რეკომენდაციების დოკუმენტის მომზადების შემდეგ“, – განაცხადა ტრაპაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში