“კალუგინმა განცხადება ძალიან ცინიკურად გააკეთა, იმიტომ, რომ საქართველო შეადარა ხურდა ფულს” – ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი მოსკოვის მორიგ განცხადებას, რომელიც “ოცნებას” “პრაგმატიზმს” უწონებს და ამასთან, ახალ პირობებს უყენებს.
დიპლომატი რუსული გზავნილის მნიშვნელობაზე საუბრობს და ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის აშხაბათში ვიზიტს. მისი თქმით, “ოცნების” პრემიერს პუტინის პირისპირ უფრო მეტი პრინციპულობით უნდა ელაპარაკა რუსეთის აგრესიაზე.
ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, რომელიც კარგად არის ჩამოყალიბებული მათ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში – ანუ, ის, რომ “ჩვენ საქართველოსთან ვითანამშრომლებთ, თუ მან მიიღო ახალი რეალობები” და კალუგინმა ახალი არაფერი არ თქვა, ოღონდ როგორც რუსეთს სჩვევია ხოლმე, ნებისმიერი თითქოსდა პოზიტიური განცხადება ძალიან ცინიკურად გააკეთა, იმიტომ, რომ საქართველო შეადარა ხურდა ფულს, მაგალითად.
პროტესტის საშუალება ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, ვინაიდან მისი გამოსვლა იყო დაგეგმილი პუტინის გამოსვლის შემდეგ და რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო მეტი პრინციპულობით ელაპარაკა ზოგადად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში. ძალიან სუსტად თქვა, რომ ოკუპაცია თითქოსდა განაცხადა, მაგრამ პრინციპულობა ამას ნამდვილად აკლდა”, – აცხადებდ ჩეჩელაშვილი.
მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.
- „რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდეს“, – განაცხადა კალუგინმა.




