დიმიტრი გვრიტიშვილი – არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას – მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის

არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას – მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში; მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები , – ასე ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას ქართველ სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.
მოსამართლეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მოჰყავს საბჭოთა კავშირის პრაქტიკის მაგალითი და აცხადებს, რომ „როგორც ჩანს არაფერი შეცვლილა“.
„შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ვინმე მეთიუ მილერი ,,მოუწოდებს“ საქართველოს ხელისუფლებას, ,,კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“. ,,აქტორებში“ იგულისხმებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე, შარშან, ხსენებულმა დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები.
ძველი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ საბჭოთა კავშირის დროინდელი მახინჯი პრაქტიკა: მოსკოვიდან მოსული ბრძანება, თუნდაც ადამიანის დახვრეტის შესახებ, უაპელაციოდ რომ სრულდებოდა საქართველოში ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ.
როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა: ზემოთ აღნიშნულ ,,მოწოდებაზე“, ხელების ფშვნეტით და ნიშნის მოგებით, ერთხმად აჭრიჭინდნენ ე.წ. არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას, უაპელაციოდ, ფაქტების და ბრალდების დამტკიცების გარეშე.
სხვა შემთხვევებში, მკვლელების და გამაუპატიურებლების მიმართ რომ უმაღლესი სტანდარტების დაცვას ითხოვენ ჩვენი ე.წ. უფლებადამცველი არასამთავრობოები, მოსამართლეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვისათვის ახალი ბატონის მარტოოდენ სიტყვაც კი საკმარისია! ეს მაშინ, როცა აშშ-მ და მისმა საელჩომ, ასევე – იგივე ე.წ. არასამთავრობოებმა და რადიკალურმა პოლიტიკოსებმაც არად ჩააგდეს მოქმედი მოსამართლის – ლაშა ჩხიკვაძის მიერ ამერიკელი მაღალჩინოსნის მხილება, კონკრეტული სახელების და გვარების, ფაქტების გაჟღერებით; პირიქით – სიცრუის ტირაჟირება დაბრალდა მოსამართლეს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარაა, უფრო აბსურდული სტანდარტია!
ანუ, მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში; მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები. იგივე მონური, კოლონიალური დამოკიდებულება და ფსიქოლოგია“, – წერს გვრიტიშვილი.