მსოფლიო განსხვავებული პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თავდაცვის გაძლიერება და საფრთხეების განეიტრალება, პოლიტიკური პარტნიორების ძიება და არჩევა ამ მოცემულობის თანმდევ პროცესებად იქცა, დაჩქარებულ რეჟიმში.
საქართველოს, კონსტიტუციით დეკლარირებული აქვს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე. უსაფრთხო და დაცული მომავლისთვის არჩეული დასავლური ხაზი ურყევია იმის მიუხედავად, თუ რამდენად საშიშია ომის წამომწყები რუსეთი. ნატო დღემდე რჩება საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამიზნედ, რადგან საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ამ მიმართულების ერთგული რჩება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა.
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოსთვის უკვე მოიტანა პოლიტიკური ბენეფიტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სახით. რა შესაძლებლობები და გამოწვევებია, ჩრდილო-ატლანტიკური თავდაცვის ორგანიზაციაში გაწევრიანების თვალსაზრისით საქართველოსთვის? ამის თაობაზე „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ ახალ პოლიტიკის დოკუმენტშია ნამსჯელი. მასში მთავარ გამოწვევად, საქართველოს დემოკრატიის დეფიციტია დასახელებული.
დოკუმენტის წარდგენისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, დემოკრატიის დეფიციტის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ საქართველო მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა, ნატოსთან მიმართებით, გაიხსნება.
გასულ წელს, ნატოს ვილნიუსის სამიტზე ითქვა, რომ უკრაინას არ სჭირდება მაპი მაშინ, როდესაც საქართველოსთვის ასე არაა. „საქართველო უკრაინას ერთი ნაბიჯით ჩამორჩა. ეს პრობლემურია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის დამთავრდება რუსეთის ომი უკრაინაში, მაგრამ თუ დადგა ეს მომენტი, შესაძლოა, პოტენციურად, გაჩნდეს შესაძლებლობების ფანჯარა ისევე, როგორ მოულოდნელადაც გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა ევროკავშირთან მიმართებით. თუ ეს ასე მოხდა, რამდენად მზად იქნება საქართველო, ისარგებლოს ამ შესაძლებლობის ფანჯრით და უკრაინასთან ერთად, მოახერხოს ინტეგრაცია?“- ამბობს კაკაჩია.
მისი აზრით, საქართველო სტრატეგიულ გაურკვევლობაშია 2008 წლიდან და სჭირდება ახალი სტიმულები. თუ აქამდე ტერიტორიული პრობლემები და რუსეთის არაფორმალური ვეტო იყო მთავარი პრობლემა, ბოლო წლებში, ნატოს ოფიციალური პირებისგან, საქართველოსთან მიმართებით, ხშირად ისმის დემოკრატიის დეფიციტის თაობაზე. „ეს, უკვე საყურადღებოა“, – გვეუბნება კორნელი კაკაჩია,- „თუ ეს მომენტუმი შედგა, ნატოსთან მიმართებით, იქ საერთოდ, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს იმის თაობაზე, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, თუ არა. განახორციელა რეფორმები, თუ არა… ჩვენი მოწოდებაც ესაა. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს დრო, როგორც შვედეთმა და ფინეთმა. მათთან მიმართებით არავის დაუყენებია კითხვის ქვეშ დემოკრატიის ხარისხი, შეკითხვაც კი არ დასმულა ამის თაობაზე“.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ერთმანეთს უკავშირებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასა და ნატოში პერსპექტივებს. ამბობს, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია და საქართველო ყურადღებით უნდა იყოს ახალი შესაძლებლობების მიმართ, რადგან სწორედ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაა ნატოს წევრი და ამ დედაქალაქებში განიხილება უსაფრთხოების გამოწვევები.
„სამი-ოთხი წლის წინ, საქართველოს ჩათვლით, ვერავინ იფიქრებდა, რომ საქართველო მიიღებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ვითარება იმდენად სწრაფად შეიცვალა, ჩვენც კი, საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერები ვერ წარმოვიდგენდით, არ ვიცით, რა იქნება სამ, ოთხ, ან ათ წელში, მაგრამ ვიცით, ევროპის როგორ არქიტექტურას ვისურვებდით ცხოვრებისთვის. გვექნება თუ არა კანონის უზენაესობა, ტერიტორიული მთლიანობა, იქნება თუ არა ევროპის ქარტია თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის. ყველას ჩვენი როლი გვაქვს და ვისურვებდი, ყველას შეგვეტანა წვლილი საერთო გამარჯვებაში“. საერთო გამარჯვებაში კი, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება გამარჯვება უკრაინასთან ერთად.
„საქართველოს კონსტიტუციაში, სტრატეგიულ საგარეო მიზნად მითითებულია როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრობა. ამისთვის, საჭიროა მთელი რიგი რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ნატოსთვის განსაკუთრებით რელევანტურია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით რეფორმები. რათა ხელი არ შეეშალოს საქართველოს ნატოს წევრი ქვეყნების ინსტიტუციებთან ოპერირებისას. მეორე, ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულებაა პოლიტიკის/დემოკრატიის საკითხი, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და რეკომენდაციებს გავცემთ საკვანძო დემოკრატიული რეფორმების უზრუნველყოფის თაობაზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებშიც (ANP),“- ამბობს ალექსანდრე ვინიკოვი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, „ამერიკის ხმასთან“.
პოლიტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები გაცივდა და ამას თავისი მიზეზები აქვს. „ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება წინააღმდეგობრივი გზავნილები, მათ შორის ნატოსთან და დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით, რაც დაბნეულობას იწვევს მათ თვალში. ეს აზიანებს და ამცირებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოს შიგნით. საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერები ნატოს შიგნით, დღეს გაუცხოებულები არიან საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამო,“- გვეუბნება კორნელი კაკაჩია.
მისი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება არ წყვეტს საქართველოს მთავარ პრობლემას – უსაფრთხოების საკითხს. ეს უნდა გადაწყდეს სწორედ, ნატოში გაწევრიანებით. „ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ მხოლოდ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ვისაუბროთ, ნატოსთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს სინქრონში. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან წინააღმდეგობრივი გზავნილები მიდის. თუნდაც ბრატისლავაში, ყოფილი პრემიერის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ომი დაიწყო, რადგან უკრაინას მოუნდა ნატოში გაწევრიანება, არის ძალიან წინააღმდეგობრივი, რაც აციებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს,“- გვეუბნება პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
ერთია ექსპერტული შეფასებები და კვლევები, რაც მიმართულია საქართველოს მიერ წარმოებული პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ, ნაკლოვანებებზე რეაგირებისთვის და მეორე – როგორაა ისინი აღქმული მთავარი ადრესატის, საქართველოს ხელისუფლების მიერ.
„რუსული კანონის“ ფიასკოს შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, თითქოსდა, მიუღებელი კანონისადმი ერთგულებას გამოხატავს. მართალია, კანონი უცხოური „აგენტების“ თაობაზე, საზოგადოების მასობრივი წინააღმდეგობის ფონზე, პარლამენტმა უკან გაიწვია, მაგრამ ამ კანონის მიხედვით „გასაწევი სამუშაო“ მაინც სრულდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ წარმოაჩენენ და კრიტიკულ მოსაზრებებს მტრულ აზრად მიიჩნევენ. იგივე მოხდა ნატო-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე კვლევის ავტორებთან და ორგანიზაციასთან მიმართებითაც. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „კონკრეტულად ეს ორგანიზაციები, რომლებიც არიან ავტორი ამ შეფასებისა [ამჯერად, იგულისხმებოდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ შეფასება,- ნ.დ.], გაბრაზებულები იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი საქართველოზე იყარეს“.
პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი დაკვირვებების თანახმად, საქართველოს ნატოში ინტეგრაციაში დაეხმარება საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შენარჩუნება და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა. ასევე, ყოვლისმომცველი სამხედრო რეფორმის განხორციელება.
საქართველოში აკრედიტებული ელჩები, პოლიტიკის ანალიტიკოსები, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება. ამ მიმართულებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების მიზანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯები უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.