დაშორების გამო, ინტიმური ვიდეომასალა ქალის ოჯახის წევრს გაუგზავნა – 63 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 63 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ცნობით, მან ინტიმური შინაარსის მასალა ყოფილი მეგობარი ქალის ოჯახის წევრს გაუგზავნა.
“1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია Whatsapp-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა.
დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გაჩხრიკა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა. გამომძიებელმა ამოიღო დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დააკავეს ბრალდებული” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
უწყების ინფორმაციით, მათ პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი გახსნეს, რის შედეგადაც 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
“ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.