სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს მოქალაქეების შესაძლო დაშინების შესახებ.
ომბუდსმენის აცხადებს, რომ დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის დაშვება და ხელშეწყობა — ეს დამაზიანებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის და მსგავს ფაქტებს შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი ჰქონდეს სხვა მოქალაქეებზეც საკუთარი მოსაზრებების შეუფერხებლად გამოხატვის თვალსაზრისით.
„7 მაისიდან ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მოქალაქეს, მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებს, ტელეფონით უკავშირდებიან უცნობი პირები და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ მოქალაქეთა განცხადებით, მათ კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. გარდა შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის მატარებელი გზავნილებისა, რიგ შემთხვევებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს საუბარი მუქარის შემცველია. სახალხო დამცველს არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს და აღნიშნული დემოკრატიული პროცესების განუყოფელი ნაწილია.
„შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია მოქალაქეების მიერ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება, ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეა და აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. ამდენად, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს
თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ხოლო იმათ, ვინც ამისგან თავს არ შეიკავებენ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ გამოხატვას შესაძლოა სხვადასხვა ფორმით ანგარიშსწორება მოჰყვეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც 8 მაისს გახდა ცნობილი, ზარების განხორციელების ნაწილში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომლის მხრიდან დროული შეფასებები, ომბუდსმენის აზრით, უმნიშვნელოვანესი იქნება.
საქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი
ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე მიმართავს მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს.
უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური, დღეს კი უკვე ქართული ნომრებიდანაც ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ზარების უკან ხელისუფლება დგას, რადგან ანონიმური ზარის ავტორები აპროტესტებენ რუსული კანონისთვის რუსულის წოდებას.
ამ თემაზე:
მუქარის შემცველი ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა ოჯახის წევრებთანაც ხორციელდება
