VR Holding-ი შეკვეთილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეველოპერულ პროექტს – VR Shekvetili Forest Beach by Paragraph – ახორციელებს, რომელიც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.
პროექტი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება, შესაბამისად, კომპანიასა და ტურიზმის განვითარების ფონდს შორის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის ღონისძიებასაც VR Holding-ის დამფუძნებელი, ნოშიკო ნამორაძე მასპინძლობდა.
“დღეს საკმაოდ შთამბეჭდავი დღეა ჩვენი კომპანიის ისტორიაში. ვართ მოხარულები, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს შეკვეთილში მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ეს არის სწორი დასაწყისის, პარაგრაფის განხორციელებული პროექტის, გაგრძელება. ჩვენი ხედვა მოიცავს თანამედროვე საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობას, ყველაზე თანამედროვე და ხარისხიანი პროექტის განხორციელებას”, – აცხადებს VR Holding-ის დამფუძნებელი.
ნოშიკო ნამორაძე აღნიშნავს, რომ შეკვეთილში უკვე არსებულმა ინფრასტრუქტურამ კომპანიას საშუალება მისცა, ტურიზმის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ფეხდაფეხ მიჰყვეს და კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განავითაროს.
“ეს არის კოლაბორაცია VR-სა და პარაგრაფს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ხარისხი რაც Paragraph-მა შეკვეთილში დანერგა, ისეთივე შთამბეჭდავი წარმატებით გავაგრძელოთ. მიზიდულობის წყარო, რაც უკვე დაგვხვდა განხორციელებული როგორც ინვესტორებს, იქნება ეს სასტუმრო “პარაგრაფი”, “ბლექ სი არენა”, დენდროლოგიური პარკი, მუსიკოსთა პარკი, “ციცინათელა” და სხვა მრავალი საუცხოო პროექტი, ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა, რისთვისაც მადლიერი ვართ ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც შექმნა სწორი კონფეცფია, დაინახა ამ რეგიონში წარმატებული და თანამედროვე კომპლექსის მშენებლობის შესაძლებლობა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სწორად წამოწყებულ ნაბიჯებს გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, რომ შავი ზღვისპირეთში ძალიან მალე მივიღებთ საუცხოო გარემოსა და საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსებს”, – აცხადებს ნოშიკო ნამორაძე.
VR Holding-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროექტის ჯამური ინიციატივა 0.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მისი მშენებლობა ფაზებად განხორციელდება. პირველი ეტაპი კი 2025 წლისთვის დასრულდება.