ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ და ძებნაში მყოფ დავით მიქაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, სამართალდამცავებმა წუხელ დავით მიქაძის ყოფილი ცოლის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ლეპტოპები ამოიღეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გელბახიანი აცხადებს, გამოძიება მიქაძეებისთვის იარაღის „ჩადებას“ ცდილობს.
„წუხელ, გვიან ღამით, დავით მიქაძის მეუღლის სახლი გაჩხრიკეს იმ მიზნით, რომ რაღაცები წაეღოთ და წაიღეს ბავშვების ლეპტოპები. არც ის ვიცით, რას ეძებდნენ და რა უნდოდათ, ეს მორიგი ჩხრეკა იყო, რადგან ისინი ყველა საშუალებას, რაც კი გააჩნიათ, იყენებენ იმისთვის, რომ იარაღი „ჩადონ“ ისეთ ადგილას, სადაც ან დავით მიქაძის ან გიორგი მიქაძის კუთვნილება დადგინდება. გახსოვთ, „საშხაპეში“ სპეცოპერაცია ჩაატარეს, მერე აღმოჩნდა, რომ „საშხაპე“ დავით მიქაძის ცოლის ძმის კუთვნილება იყო და იქ იარაღის „ჩადებას“ აზრი არ ჰქონდა, რადგან სხვისი ქონება იყო. ამის შემდეგ გიორგი მიქაძის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, აღმოჩნდა, რომ სახლი გიორგი მიქაძის სახელზე არ იყო რეგისტრირებული და აზრი არ ჰქონდა „ჩადებას“. გუშინ, დავით მიქაძის მეუღლესთან ჩაატარეს ჩხრეკა და აღმოჩნდა, რომ ისინი განქორწინებული არიან და აზრი არ აქვს იარაღის „ჩადებას“. შედეგის მიხედვით აღმოჩნდება, რომ უაზრო ღონისძიება გააკეთეს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მუდმივ მცდელობაში არიან რაიმე სახით ცეცხლსასროლი იარაღი „ჩაუდონ“. იცით რატომ? უძილაურის საქმეში მიქაძეების მონაწილეობამ სრული ფიასკო განიცადა. დაანონსებული ბრალი არაფრით დასტურდება, საქმეში ნულოვანი მტკიცებულებაა“, – განაცხადა გელბახიანმა.
როგორც ის განმარტავს, დაკავებულ გიორგი მიქაძის მიმართ პატიმრების მხრიდან მუქარა ხორციელდებოდა, რაც ადვოკატის თქმითვე, დღეს შსს-ში გამართული ბრიფინგიდანაც ცხადი გახდა. უფრო კონკრეტულად კი, შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულებს შორის ბრალდება წარდგენილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირსაც. გელბახიანის თქმით, სწორედ ისინი ახორციელებდნენ მიქაძის მიმართ მუქარას.
„თქვენი მედიასაშუალების მეშვეობითაც მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, ცოტა გამოფხიზლდნენ, საეჭვოდ ემთხვევა კრიმინალური სამყაროს, პროკურატურის და სასჯელაღსრულების დაწესებულების დამოკიდებულება მიქაძეების მიმართ. როგორ მოხდა, რომ ბრალდებული მისჯილთა დაწესებულებაშია? რატომ არ იყო გლდანის ციხეში გადაყვანილი? მას შეზღუდვები აქვს დაწესებული, ეს გარკვეული ვადით უნდა იყოს, მაგრამ მუდმივ შეზღუდვას კანონი არ ითვალისწინებს. ამის შემდეგ ვიგებთ, რომ იმავე ციხეში თურმე, დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებს ხელში უკავიათ ტელეფონები, საუბრობენ საზღვარგარეთ, საქართველოშიც, „ქურდულ სამყაროსთან“ აქვთ სისტემატური მიმოწერები, თუ როგორ უნდა შეავიწროონ და შეზღუდონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ან სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან პატიმარს, ამ დროს არაფერს აკეთებს საპატიმრო დაწესებულება. ჩანაწერებში, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა – „ქურდების“ საუბარია, მიქაძეებს აგინებენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ და მათ მიმართ, როგორც მტრების მიმართ ბრძოლა გამოაცხადეს. ამას თურმე, ციხის ადმინისტრაცია აკონტროლებს და ელოდება შედეგი როდის დადგება. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა „ქურდულ სამყაროსთან“ სამოქალაქო პირების კავშირზე და იქ ამოვარდა ეს ჩანაწერები. რომ არა, ის სპეცოპერაცია, რომელიც კრიმპოლმა ჩაატარა, ციხის ადმინისტრაციას ეს ამბავი მოწესრიგებული ჰქონდა თავიანთ შიდა იურისდიქიციის ქვეშ, ანუ თანამშრომლობდნენ კრიმინალურ სამყაროსთან. ერთ-ერთი სატელეფონო საუბარი სწორედ გიორგი მიქაძეს ეხება, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ ორგანიზდებოდა შურისძიება“, – განაცხადა გელბახიანმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე დააკავეს, დავით მიქაძეს კი ბრალდებას დაუსწრებლად წაუყენებენ.
შსს-ს ცნობით, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობისთვის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ არის ცნობილი გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ცალკე წარმოებად მიმდინარეობს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების საქმე. აღნიშნულ ეპიზოდზე 5 პირია ბრალდებული, მათგან კი სამი – გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილია დაკავებული. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადებული.




