კობახიძეს მოვუწოდებ, ნიღბების დევნას, ნიღბოსნებს სდიოს, რომლებიც ქალებს და ჟურნალისტებს ქუჩებში უსწორდებიან, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
გეგელიას თქმით, საპროტესტო აქციები დასრულდება გამარჯვებით, რომელიც გულისხმობს ახალ არჩევნებს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს პროტესტის ჩახშობას.
“ქართულ ოცნებას” არ ვეკითხებით შეიცვლის თუ არა გადაწყვეტილებას. მას მოუწევს შეცვალოს საკუთარი რუსული გადაწყვეტილება. საზოგადოებამ არაერთხელ გამოხატა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას. არც სიცივე, არც დარბევა, არც პოლიტიკური რეპრესიების შიში, არცერთი წინაღობა არ და ვერ მუშაობას, რადგან ადამიანებს აერთიანებს იდეა, ეს არის სამშობლოს და სახელმწიფოს იდეა, შესაბამისად, ჩვენ დასაშვებადაც არ წარმოგვიდგენია, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ, ეს ბრძოლა წავა წინ და გამარჯვებით დასრულდება, ანუ ახალი არჩევნებით, რომელიც თავისუფალ პირობებში ჩატარდება.
ყველაფერი, რასაც დღეს “ქართული ოცნება” აკეთებს, გამიზნულია იმისათვის, რომ მოხდეს ამ ქვეყნის რუსიფიკაცია, მეორე მხრივ, თავისუფალი პროტესტის ჩახშობა. აქციის მე-13 დღეს მკაფიოდ ვხედავთ, რომ არავითარი დაშლა და ჩახშობა არ ემუქრება. ჩვენ ვართ იდეით და ვაპირებთ ამ იდეისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. აბსურდული აკრძალვები ნიღბებთან და პიროტექნიკასთან დაკავშირებით, ვერ გადაწონის იმას, რომ მეორე მხარეს არის რუსულ-ირანული-ჩინური ტიპის რეჟიმი. მინდა პრემიერ “ტიტუშკას”, კობახიძეს ვურჩიო, ნიღბების დევნას დევნოს ის ნიღბოსნები, რომლებიც ქალებს, ახალგაზრდებს და მედიის წარმომადგენლებს უმოწყალოდ უსწორდებიან ტურებივით. ისინი არიან პატარა არაკაცები, როგორც ამ რეჟიმის ყველა ძირითადი სახე. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ “ტიტუშკა” და მე მას მოუწოდებ, ნიღბების დევნას, ნიღბოსნებს სდიოს, რომლებიც ქალებს და ჟურნალისტებს უსწორდებიან ქუჩებში”,- განაცხადა გეგელიამ.