საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს „ბართლომეს ღამე“ ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ. ევროპული კურსის ერთგულების გამო, გათავისუფლებულია ათობით ადამიანი და იგეგმება კიდევ ათეულობით მათგანის გათავისუფლება – ეს არის პირდაპირი და ღია თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რადგან თვითმარქვია მინისტრის დაუფარავი იერიში ხორციელდება სწორედ იმ ხალხზე, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში იდგა ევროპული კურსის ბედი,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს გამოეხმაურა.
გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართველი დიპლომატების თაობების მიერ 35 წლის განმავლობაში უმძიმეს ისტორიულ სიტუაციებში ნაშენები ინსტიტუტი, მაკა ბოჭორიშვილმა რამდენიმე თვეში გაანადგურა“.
„ზუსტად ორი თვის წინ, 1-ელ მაისს გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას შევატყობინე, რომ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, აპირებდა მოეწყო მასობრივი პოლიტიკური წმენდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. იმავე დღეს, 1-ელ მაისს, ჩემს განცხადებას გამოეხმაურა ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგ კი თვითონ ბოჭორიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ – ის არ აპირებდა არავის გათავისუფლებას. ეს იყო ისეთივე სამარცხვინო ტყუილი, როგორი სამარცხვინო და ანტიქართული ე.წ. „ქართული ოცნებაა“. დღეს, ორი თვის თავზე, უკვე გათავისუფლებულია ათობით პატრიოტი ადამიანი, ვინც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს არის ქართული საგარეო სამსახურის პროფესიონალი, პროდასავლელი პატრიოტებისგან დაცლის მცდელობა. ამავე დროს, ეს არის პირდაპირი და ღია თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რადგან თვითმარქვია მინისტრის დაუფარავი იერიში ხორციელდება სწორედ იმ ხალხზე, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში იდგა ევროპული კურსის ბედი.
ეს არის რუსული დავალება – საქართველოს სრული და საბოლოო დესუვერენიზაცია, რისთვისაც კრიტიკულად აუცილებელია, საქართველოს არ გააჩნდეს თავისუფალი და ძლიერი საგარეო უწყება, არ გააჩნდეს სუვერენული ხმა საერთაშორისო ასპარეზე, სამინისტროში არ მუშაობდნენ პატრიოტრი პროფესიონალები, არამედ ერთ დროს ძლიერი სამინისტროს მაგიერ უმნიშვნელო საკონსულო სექცია დარჩეს, რომლის მიზანიც დუმილი და ბიუროკრატიული ფორმების შევსება იქნება. ამ ამოცანის შესრულებას არ ჭირდება და მეტიც ხელს უშლის პრინციპული, პატრიოტი ადამიანების არსებობა საგარეო უწყებაში. ზუსტად ამიტომ, ბოჭორიშვილს დაევალა სამინისტროს დაცლა თავისუფალი, მცოდნე ადამიანებისგან. ჩვენ გვახსოვს ყველა ელჩის და დიპლომატის დუმილი ამ უმძიმეს, შავბნელ დროს. ამავე დროს გვახსოვს სინათლე, რომელსაც კეთილსინდისიერი პატრიოტები ასხივებენ. მსურს თითოეულ მათგანს ვუთხრა მადლობა სამშობლოს მსახურებისთვის, გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს სწორედ მათნაირი პროფესიონალები სჭირდება. რეჟიმის ცვლილებისთანავე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ყველა პირი იქნება აღდგენილი და თითოეულ მათგანს ექნება საშუალება ფასდაუდებელი როლი შეასრულოს ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლა იქნება ბოლომდე!“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ასევე გრიგოლ გეგელია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების ელენე ხოშტარიას, გედევან ფოფხაძისა და სხვა აქტივისტების მიერ შიშილობის შეწყვეტასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა შესაძლოა თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია შეცდომას უშვებდეს.
„პირველ რიგში მინდა მივესალმო ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებას, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, რომ ჩვენ გუშინ ახალი არაფერი მოგვისმენია, ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები ბოიკოტის მომხრენი იყვნენ. სამწუხაროა, რომ ბრიფინგებით საუბრის ტრადიცია გაგრძელდა, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოლაპარაკებებისა და საუბრის რამდენიმე რაუნდი გვქონდა. უმჯობესი იქნებოდა ეს ფორმატი გაგრძელებულიყო, თუმცა ეს კოლეგების არჩევანია. ვფიქრობ, რომ შესაძლოა დღეს ოპოზიცია შეცდომას უშვებდეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით [თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით]. რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“, ჩვენ ჩვენი გზა და ხედვა გვაქვს, რომელსაც საზოგადოება სწორ დროს შეიტყობს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
