სახელმწიფო გრანტების სააგენტო სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში 20 300 ლარს დახარჯავს. ამ თანხის ათვისებას უწყება ხუთი თვის განმავლობაში, აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით გეგმავს.
„აღნიშნული შესყიდვის მიზანია დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საქმიანობის, განხორციელებული ღონისძიებების, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა“, – აცნობა გრანტების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს.
სახელმწიფო გრანტების სააგენტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შემზღუდველი კანონების მიღებასთან ერთად შექმნა. სააგენტოს მიზანია საქართველოს ბიუჯეტით მხარდაჭერა საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, „რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“.
გრანტების სააგენტო 15 აპრილს შეიქმნა. 2025 წელს მისი ბიუჯეტი 510 200 ლარია. აქედან თითქმის ნახევარი (253,2 ათასი) ხელფასებზე მოდის. სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავას ყოველთვიური ხელფასი 10 585 ლარია, მისი მოადგილის – 8 760, დეპარტამენტის უფროსის კი – 7 300 ლარი.
ფორუმი
