აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 64-ე რაუნდი იმართება, სადაც ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებზე დღეს გაემგზავრა.
მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფება.
ჟენევაში გამგზავრებამდე გიორგი ჯინჭარაძემ მიმდინარე რაუნდის იმ მთავარ თემებზე ისაუბრა, რომელსაც ქართული მხარე საერთაშორისო მოლაპარაკებებზე დააყენებს.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდზე ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ მიმართულებას და გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოსახლეობასთან. ეს არის სისტემატური უკანონო დაკავებების შემთხვევები, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება და ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აუცილებლად მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება ასევე ჩვენი დევნილების დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში და უმთავრესი პრიორიტეტი – ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის საკითხი. ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, შესაბამისად ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო კომპლექსურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავჭრათ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, დღეს ჟენევაში ტექნიკური შეხვედრები გაიმართება, ხოლო ხვალიდან კი მოლაპარაკებათა 64-ე რაუნდი ოფიციალურად გაიხსნება.
