გიორგი ჩიკვაიძის დედა – ქალბატონ იზა კელენჯერიძეს მინდა შევხედო, როგორც დედამ დედას და არა როგორც დედამ მოსამართლეს – ვიცი, რომ გიორგი მძიმედაა, მაგრამ კარგ მეთვალყურეობას უწევენ

ქალბატონ იზა კელენჯერიძეს [მოსამართლე] მინდა შევხედო, როგორც დედამ დედას და არა როგორც დედამ მოსამართლეს, – ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„გიორგიმ გუშინ ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს, თუ ის ახლა გვიყურებს, მინდა იცოდეს, რომ მას აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება. ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს მაქვს სათქმელი. აუცილებლად მინდა სასამართლოს დავესწრო, ქალბატონ იზა კელენჯერიძეს [მოსამართლე] მინდა შევხედო, როგორც დედამ დედას და არა როგორც დედამ მოსამართლეს, როგორც ქალმა – ქალს და როგორც დედამ-დედას.
ვიცი, რომ ის [გიორგი] მძიმედაა, მას იქ კარგ მეთვალყურეობას უწევენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც იყო საუბარი, მაგრამ ეს აღარ გაუგრძელებიათ, დანარჩენს შევხედოთ“,- განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
„კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.
ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი “ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს – ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით გიორგი ჩიკვაიძეს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ორივე ბრალდებულს აკრძალული აქვს საზღვრის კვეთა.