ნუ ეგონება ნურავის, რომ ქართველი ხალხი მოითმენს იმ შეურაცხყოფას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიაყენა საზოგადოებას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიტაცებული არჩევნების საფუძველზე შეკრებილ პარლამენტს არ აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ დღეს საქართველოს სახელით ისაუბროს.
„ნუ ეგონება ნურავის, რომ ქართველი ხალხი მოითმენს იმ შეურაცხყოფას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიაყენა საზოგადოებას. ჩვენ ფორმალურად გვითხრეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გადავადებულიაო, თორემ ისინი ნამდვილად არ აპირებენ იმას, რომ ევროკავშირში გააწევრიანონ ეს ქვეყანა, ვერ გააწევრიანებენ. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება, ეს არის მიტაცებული არჩევნების საფუძველზე შეკრებილი პარლამენტი და არავის აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ დღეს საქართველოს სახელით ისაუბროს. ეს პროტესტი იქნება ძალიან მზარდი და მასშტაბური.
ქართველი ხალხისგან ბევრი რაღაც შეიძლება ვიღაცას ეგონოს, მაგრამ არ მოვითმენთ ჩვენ ამას, უბრალოდ არ ვაპატიებთ იმ შეურაცხყოფას, რომელსაც გვაყენებენ. გამოვალთ, ვიქნებით უფრო მეტნი, ვიდგებით რუსთაველზე, ვიდგებით ყველგან, სადაც არის იმის შანსი, რომ ჩვენ ამ ადამიანებს არ ვაპატიოთ”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, „ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე რჩებიან. ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.