გიორგი კალანდარიშვილი – ჩემთვის დაცვის დანიშვნით რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური არ მომხდარა, მე არაფერი მაშინებს, გარდა დეზინფორმაციისა – ცესკო-ს შენობასთან რკინის ღობეები კი პრევენციისთვის აღიმართა, რადგან გვახსოვს წინა წლების პრაქტიკა

ბოლო წლებია, -ს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა , – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან მისთვის დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალანდარიშვილმა გადაცემაში, ასევე განმარტა, რატომ დასჭირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას რკინის დროებითი ჯებირებით შემოსაზღვრა.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რკინის ღობე პრევენციის მიზნით აღმართეს, რათა შემდგომ თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული იყოს.
“ბოლო წლებია, ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, როგორც ჩემს წინამორბედს, ასევე, მე პირადად. ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შედის განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის აქტი ემსახურებოდა იმას, რომ საარჩევნო პერიოდში განახლდა დაცვის ყოლის შემთხვევა. აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა.
მე არაფერი მაშინებს, გარდა დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული კამპანიისა. ჩვენ არა ერთი შემთხვევა გვინახავს არჩევნების პირობებში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამხდარა მსხვერპლი.
რაც შეეხება ცესკო-ს შენობასთან რკინის ღობის აღმართვას, ის პრევენციის მიზნით აღიმართა, რადგან ჩვენ გვახსოვს წინა წლების პრაქტიკები, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა. ეს გავაკეთეთ თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ კარგად გვახსოვს და ეს მედია საშუალებებითაც გადაიცემოდა, როდესაც ის ღობე, რომელიც საპარკინგე სივრცეს შემოსაზღვრავდა, როგორ დააზიანეს. კარგად გვახსოვს ის მოწოდებები, რომლებიც კეთდებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში და რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მათ უსაფრთხოებას”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.