დღეს ჩვენ მხოლოდ ადამიანს არ ვემშვიდობებით.
დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ხმას, რომელსაც ამ ქვეყნის მრავალი თაობა სიყრმიდანვე იცნობდა. ვემშვიდობებით ფიგურას, რომლის არსებობა იმდენად იყო ჩაწერილი საქართველოს ყოველდღიურობაში, რომ ბევრისთვის ის უკვე ისტორიული პირს კი არა, თავად ისტორიის სუნთქვას ჰგავდა.
ილია მეორე თითქმის ორმოცდაცხრა წლის განმავლობაში იჯდა ივერიის უძველესი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე. 17 მარტს დასრულდა ხანგრძლივი მსახურება, რომელმაც საკუთარ თავში მოაქცია გვიანი საბჭოთა ხანა, ეროვნული გამოღვიძება, დამოუკიდებლობის მოპოვება, ომები, სახელმწიფოებრიობის რყევა, ინსტიტუტების დაშლა, ხელახალი შენება და იმ ქვეყნის დაბადება, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია.
ამიტომ, როცა ამ დღეებში ვამბობთ, რომ ,,მასთან ერთად ეპოქა დასრულდა,“ ეს მხოლოდ სამგლოვიარო ფორმულა არ არის. სინამდვილეში, ილია მეორის პატრიარქობა ერთ ეპოქაში არ ეტევა. მან რამდენიმე ურთულესი და ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული დრო გამოიარა, მოინელა და ამ გზაზე ქართული ეკლესიაც და ქართულ სახელმწიფოსთან მისი ურთიერთობაც შეცვალა. ამდენად მისი გარდაცვალება არა მხოლოდ საეკლესიო, დიდი ეროვნული მასშტაბის მოვლენა გახდა. ამას სახელმწიფოში გამოცხადებულ გლოვაზე და დაშვებულ დროშებზე მეტად ხალხის ის უწყვეტი ნაკადი მოწმობს, რომელიც დღედაღამე სამების ტაძარში მის ხსოვნას პატივს მიაგებდა.
ილია მეორე იყო სიმტკიცე.
არა ხმაურიანი, არა აგრესიული, არა მბრძანებლური სიმტკიცე, არამედ ის მშვიდი სიმტკიცე, რომელიც ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როცა ქვეყანა ირყევა. საბჭოთა ათეიზმის მძიმე მემკვიდრეობიდან გამოსული საზოგადოება მან ეკლესიას დაუბრუნა. როცა მრავალ ინსტიტუტს ავტორიტეტი დაკარგული ჰქონდა, მან ეკლესიას მიანიჭა ის მორალური სიმძიმე, რომლის გარშემოც საზოგადოების დიდ ნაწილს ერთიანობის განცდა უჩნდებოდა.
ილია მეორე იყო მშენებელი.
მან მიიღო მძიმე ისტორიული დაზიანებების მქონე ინსტიტუცია, როგორც თავად ხშირად ახსენებდა ,,სუდარა გადაფარებული ეკლესია“ და გადააქცია ის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საყრდენად. ამ მშენებლობაში იყო ტაძრებიც, მონასტრებიც, ახალი სასულიერო თაობებიც, ეკლესიის ხილული დაბრუნებაც ეროვნულ ცხოვრებაში და ის განცდაც, რომ საბჭოთა ნანგრევებში დაკარგული სულიერი ღერძი ისევ მოიძებნა. მის დროს ეკლესია აღარ იყო მხოლოდ წარსულის მოგონება; ის კვლავ იქცა ცოცხალ, მოქმედ, საზოგადოებრივ ძალად.
ილია მეორე იყო შემრიგებელი.
საქართველო ხშირად ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს დაპირისპირების რეჟიმში – პოლიტიკური, სოციალური, თაობებრივი, ზოგჯერ კი შინაგანად, საკუთარ თავთან მკვეთრ წინააღმდეგობაშიც. ამ პოლარიზებულ ქვეყანაში პატრიარქის სივრცე ბევრისთვის რჩებოდა იშვიათ ადგილად, სადაც ადამიანი საკუთარ მრწამსს, პოლიტიკურ არჩევანს თუ გაღიზიანებას დროებით მაინც გვერდზე დებდა. შეიძლება მისი ყველას ერთნაირად არ ესმოდა, შეიძლება ყველა არ ეთანხმდებოდა, მაგრამ ყველა უსმენდა – მისი ფიგურა მაინც ქმნიდა სივრცეს, სადაც დაპირისპირებულ საზოგადოებას საკუთარი საერთო სახის დანახვა შეეძლო.
ილია მეორე იყო საყრდენი.
ქართული საზოგადოების მეხსიერებაში ბევრი დრამატული წელი გადაიფურცლება მის მონუმენტურ გამოსახულებასთან ერთად: ეროვნული მოძრაობის ემოცია, სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთისა და ცხინვალის ტრაგედია, სახელმწიფოებრივი კრიზისები, სიღარიბე, იმედგაცრუება, ახალი მოლოდინები, ახალი იმედები. ამ გზაზე მან მრავალი ადამიანისთვის შეასრულა არა მხოლოდ ეკლესიის მეთაურის, არამედ ერის მამის როლი – იმ ადამიანის, რომლის არსებობაც თავისთავად აძლევდა ხალხს განცდას, რომ საბოლოო ჩამოშლა მაინც არ მოხდებოდა.
ილია მეორე იყო ხიდი – წარსულსა და აწმყოს შორის.
მისი ფიგურით ერთმანეთს უკავშირდებოდა ძველი საქართველო და პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ტრადიცია და თანამედროვე სახელმწიფო, სასულიერო ენა და საერო საზოგადოება. მან ეკლესია არ დატოვა მუზეუმის სიჩუმეში, პირიქით, ის გამოიტანა ეროვნული ცხოვრების გულში. ამის შედეგად ეკლესიამ თანამედროვე საქართველოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა – ხშირად უფრო დიდი, ვიდრე მხოლოდ რელიგიურ ინსტიტუტს აქვს, ან ნორმალურ ვითარებაში შეიძლება და სასურველია რომ ქონდეს. ეს იყო მისი ძალაც და დროთა განმავლობაში, ამ ძალის სირთულეც. მაგრამ სწორედ აქ ჩანს მისი მასშტაბიც: იგი აღარ ეკუთვნოდა მხოლოდ საკურთხეველს. მისი ამბიონი დიდ ეროვნულ პლატფორმად იქცა.
და მაინც, ილია მეორის სიდიადე მხოლოდ მის ისტორიულ როლში არ იყო.
მისი განსაკუთრებულობა იმაშიც იყო, რომ ამხელა სიმბოლური წონის მიუხედავად, ადამიანებს მასთან საკუთარი, პირადი კავშირის განცდა ჰქონდათ. თითქმის ყველა ოჯახში მისი ფოტო მხოლოდ რელიგიური პატივისცემის ნიშანი არ ყოფილა; ეს იყო შინაგანი ნდობის სიმბოლო. თითქოს ქვეყანაში არსებობდა ადამიანი, რომელიც ყველას ეკუთვნოდა და ამავე დროს თითოეულს პირადად. სწორედ ეს იყო მისი იშვიათი ძალა – ეროვნული მასშტაბი და პირადი სიახლოვე ერთდროულად.
ამ დღეებში საერთაშორისო გამოხმაურებაც სწორედ ამ მასშტაბს უსვამს ხაზს. უცხოეთის ეკლესიების და სახელმწიფოთა მეთაურების, მონარქების გზავნილებში ის აღწერილია როგორც თანამედროვე მართლმადიდებლობის „გამორჩეული ფიგურა“, „რწმენის მტკიცე აღმსარებელი“, ადამიანი, რომელმაც ეკლესიას სიბრძნით უხელმძღვანელა „გამოცდისა და განახლების წლებში“. ეს სიტყვები მხოლოდ პროტოკოლური სამძიმარი არ არის; იმის მტკიცებულებაა რომ ილია მეორე უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღარ იყო მხოლოდ საქართველოს შიდა ისტორიის გმირი. ქართველი კათალიკოს-პატრიარქი ფართო მართლმადიდებლურ და საერთაშორისო სივრცეშიც ცნობილ, წონიან და ანგარიშგასაწევ ანაგრიშგასაწევ ფიგურად იქცა.
მაგრამ დიდი საზოგადოებრივი ფიგურების ცხოვრებაში ყოველთვის დგება ეტაპი, როცა მათი ძალა, ნება და სურვილი იგივე რჩება, ხოლო დრო უკვე სხვა სიჩქარით მოძრაობს. ბოლო წლებში სწორედ ეს იყო ყველაზე მტკივნეულად საყურებელი ილია მეორის გარშემო. ასაკმა, ავადმყოფობამ და მის ირგვლივ მიმდინარე ჯგუფურმა ბრძოლებმა შექმნა ვითარება, სადაც ხშირად იგრძნობოდა: მისი ავტორიტეტი ისევ უზარმაზარია, მაგრამ მისი უშუალო ხელი ყოველდღიური პროცესების მართვაში უკვე აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. და როცა დიდი ფიგურის ხელი სუსტდება, მის ჩრდილში ხშირად ჩნდებიან ისინი, ვინც მის ავტორიტეტს საკუთარი დღის წესრიგისთვის იყენებენ.
სწორედ ამიტომ, ილია მეორის მემკვიდრეობაზე საუბარი მარტო ქებით ვერ შემოიფარგლება.
მისი ხსოვნის მიმართ ნამდვილი ერთგულება იმასაც ნიშნავს, რომ დავინახოთ რთული და კომპლექსური სიმართლე: მან ეკლესიას კოლოსალური ავტორიტეტი დაუტოვა, მაგრამ ამ ავტორიტეტთან ერთად დაუტოვა რთული ამოცანაც – როგორ დარჩეს ეკლესია საზოგადოებისთვის სულიერ თავშესაფრად და არ იქცეს ვიწრო ინტერესების მძევლად; როგორ შეინარჩუნოს ეროვნული მასშტაბი ისე, რომ შინაგანი დაპირისპირებების გამო საკუთარ სიმაღლეს არ ჩამოსცდეს. ეს უკვე იმ ეპოქის ამოცანაა, რომელიც ილია მეორის შემდეგ იწყება.
პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო წლებში მისი უწმინდესობის წინააღმდეგ მიმართულ შეტევებში, ეკლესიის შიგნით არაჯანსაღი პროცესების წახალისებასა და რეპუტაციის შერყევის მცდელობებში გამოიხატა, პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს.
ერთი იყო შიდა, სუბიექტური მიზეზები.
ამ უზარმაზარ ინსტიტუციაში დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში, სათანადო ფილტრების გარეშე, მასობრივად მოხვდა ბევრი სასულიერო პირი. ასეთ ვითარებაში გარდაუვალი იყო, რომ მათ შორის მომრავლებულიყვნენ ისეთებიც, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უმწიკვლო სასულიერო ცხოვრებით არ გამოირჩეოდნენ. ეს იყო შიდა სისუსტე, რომელმაც დროთა განმავლობაში სერიოზული ზიანი მოუტანა ეკლესიისადმი ნდობას.
ამ შიდა სისუსტეების გამოყენებით დაიწყო გარედან ინსპირირებული კამპანიები, რომელთა უკანაც რუსული და სამწუხაროდ, ქართული სპეცსამსახურების კვალი მეტისმეტად მკაფიოდ ჩანდა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ცალკეული სკანდალების თუ საეკლესიო კონფლიქტების ჯამი. ეს იყო ბრძოლა გავლენისთვის – ბრძოლა იმ ინსტიტუციის დასასუსტებლად, ან მის დასამორჩილებლად, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე გავლენიან საზოგადოებრივ ძალად იქცა.
ამ ახალმა გარემოებებმა, მის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, მხცოვანი პატრიარქის მოქმედების სივრცე მკვეთრად შეზღუდა.
შედეგად მივიღეთ ვითარება, როდესაც წლების განმავლობაში, ურთულეს პირობებში, დიდი ძალისხმევითა და მსხვერპლით მოპოვებული საპატრიარქოს ავტონომიურობის ხარისხი თანდათან შეიზღუდა. ეკლესია, უფრო ზუსტად კი საპატრიარქო, ნაწილობრივ არა მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს საერთაშორისო ამოცანების ინსტრუმენტად, არამედ ქვეყნის შიგნითაც – მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ საყრდენად და ამავე დროს მეხამრიდად გადაიქცა.
ამან ეკლესიის, უფრო ზუსტად საპატრიარქოს, რეპუტაცია და გავლენა დაასუსტა.
მაგრამ რაც ვერ შეცვალა, იყო საზოგადოების დამოკიდებულება თავად მისი უწმინდესობის მიმართ. ამიტომაც ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი ცნობილი ფრაზა – „პატრიარქი პლენშია“ – გარკვეული გაგებით სიმართლესთან ახლოს აღმოჩნდა. არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ იმ გარემოებათა აღწერისას, რომლის გარღვევის რესურსი და შესაძლებლობაც ასაკოვან პატრიარქს უკვე აღარ ჰქონდა.
მისი უწმინდესობა პოლიტიკური კლასის სტრატეგიული მარცხის, არაორგანიზებულობის, სახელმწიფოებრივი უმწიფრობის და სხვა მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, საბოლოოდ თითქმის მარტო დარჩა.
აღარ დარჩა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციური ფილტრი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიან საზოგადოებრივ ინსტიტუციაზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაში რუსულ გავლენას ხელს შეუშლიდა. შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქი ბოლო წლებში ამ უზარმაზარ რუსულ ზეწოლასთან თითქმის ერთი-ერთზე დარჩა. და ჩემი აზრით, მისი მთავარი ამოცანა უკვე აღარ იყო ეკლესიის გავლენების გაფართოება – მისი მთავარი ამოცანა იყო ზიანის მინიმიზება, ქართული ეკლესიის შემდგომი დასუსტების შეჩერება.
და აი აქ დგება ჩემი პირადი პასუხისმგებლობის მომენტიც.
აქ არის ის ადგილი, სადაც მინდა მისი უწმინდესობის სულს შენდობა ვთხოვო.
საქმე იმაშია, რომ რუსულ გავლენასთან ბრძოლის მთავარი ხაზი პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ფრონტზე გადიოდა და დღესაც გადის. სპეცსამსახურები ამ პროცესში მხოლოდ ინსტრუმენტია და არა მთავარი მოთამაშე. წლების წინ უკვე ნათელი იყო, რომ ჰიბრიდული ომის სტრატეგიული მიმართულება სწორედ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული გახდებოდა. ის, რასაც რუსეთმა ვერ მიაღწია ტანკებით, უნდა მიეღწია იდეოლოგიითა და პროპაგანდით. ამ სტრატეგიის მთავარი ფორმულა კი იყო კონსერვატიული ნარატივის მითვისება და ქართული საზოგადოების დომინანტურად ტრადიციული მსოფლმხედველობით მანიპულაცია და მისი ექსპლუატაცია.
ამ თემაზე სხვა დროს ბევრის თქმა შეიძლება.
ახლა მხოლოდ ამას ვიტყვი: რუსეთის ამოცანა იყო რათა საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე არ არსებულიყო ძლიერი კონსერვატორული დღის წესრიგის მქონე და იმავდროულად მკაფიოდ პროდასავლური ძალა.
წლების წინ, მისი უწმინდესობის კურთხევით, სწორედ ამ იდეით ჩამოყალიბდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა როგორც კონსერვატორული, მემარჯვენე-ცენტრისტული და ამავე დროს მკვეთრად და მკაფიოდ პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაცია.
მე ეს მისია ბოლომდე წარმატებით ვერ აღვასრულე.
ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობდა.
იყო როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური გარემოებები – დაწყებული თავად საპატრიარქოში რუსული გავლენების გამტარი ძალების ამ იდეისა და მოვლენის წინააღმდეგ სრული მობილიზებით, გაგრძელებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებით და დასრულებული იმ მძიმე რეალობით, რომელიც უკონკურენტო რესურსებით უზრუნველყოფილი ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლამ და ,,შუის გაკრეფის“ ძალიან წარმატებულმა სტრატეგიამ განაპირობა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ძლიერი პროდასავლური და ამავე დროს კონსერვატიული დღის წესრიგის მქონე პოლიტიკური მოთამაშე გაქრა.
მას შემდეგ ეს ველი, მთლიანად პრორუსულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაიკავეს.
ჩემი აზრით, ეს გარემოება დღესაც ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება დასავლური ცივილიზაციური სივრციდან საქართველოს მოწყვეტის მასშტაბურ, სპეციალურ ოპერაციაში.
და ბოლოს
ჩემთვის ილია მეორე მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოში შესატანი ფიგურა არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება.
ის ჩემი ბავშვობიდან მოდის. მოდის ოჯახური მეხსიერებიდან, მოდის იმ შეგრძნებიდან, რომელიც სიტყვებზე ადრე ჩნდება ხოლმე – როცა ბავშვმა ჯერ ბოლომდე არც იცის, ვინ არის პატრიარქი, მაგრამ უკვე გრძნობს, რომ ჯერ დიდუბის და შემდეგ სიონის ტაძარში ნანახი ეს სახე ამ ქვეყნის საერთო შინაგან, ისტორიულ წესრიგს ეკუთვნის. ჩემს თაობას მისი ხმა, მისი ტონი, მისი სიარული, მისი დუმილიც კი ცხოვრების ბუნებრივ ფონად გვექცა.
შემდეგ წლები გავიდა.
ქვეყანაც შეიცვალა. მეც შევიცვალე. შეიცვალა სივრცეები, რეჟიმები, მთავრობები, იმედები, დადგა ,,იმედ-გაცრუებები.“ მაგრამ ილია მეორე მაინც რჩებოდა იმ იშვიათ ფიგურად, რომლის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ საჯარო რეაქცია არ იყო. მასთან საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის, მათ შორის ჩემი კავშირიც რაღაც უფრო ღრმა იყო, ვიდრე უბრალოდ პატივისცემა მაღალი იერარქისადმი. ეს იყო კავშირი ადამიანთან, რომელიც შენს პირად ცხოვრებაშიც ერთგვარ ნიშნულად რჩებოდა – ისე, რომ ამას ყოველდღე ვერც კი ამჩნევდი.
ალბათ ამიტომაც არის, რომ ასეთი ფიგურის გარდაცვალებისას ადამიანს მარტო ეროვნული დანაკლისი არ ეუფლება. ის პირად დანაკლისსაც განიცდის. თითქოს შენს საკუთარ ბიოგრაფიაში რაღაც უჩინარი, მაგრამ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ღერძი წყდება. და როცა დღეს ვამბობთ, რომ ილია მეორესთან ერთად ეპოქა დასრულდა, მე ამაში მხოლოდ ქვეყნის ისტორიულ მონაკვეთს არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ ჩვენი ,,პირადი დროის“ – ეპოქის დასრულებასაც – იმ დროს, როცა ვიცოდით, რომ სადღაც, ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, ამ ტაძარში, ეს ადამიანი იყო.
მის უწმინდესობასთან ჩემი პერსონალური ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო.
ყველა ეტაპზე მის სიტყვას და კურთხევას ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც ამ დღეებში მეხსიერებაში განსაკუთრებით ამომიტივტივდა, 1987 წლით თარიღდება. მაშინდელ პიონერთა სასახლეში პატრიარქს ვუკითხავ, ჯერ კიდევ აკრძალული ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის მისტერიიდან „ჯვარი ვაზისა“, ლექსს – „მიწის სჯული“.
რომელიც ასე მთავრდება:
„ვაჟები. ქალები. შვილები. მამები.
დედავ: ჩაგეხვევით უბეში კვართული.
და ძილში მალულად ფიქრი გვეამება,
რომ არ გაგვიმეტებს, ჩვენ მიწა ქართული.“
დღეს ეს სიტყვები სხვა სიმძიმით მესმის.
იმიტომ, რომ ჩემს პირად და ამ ქვეყნის საერთო მეხსიერებაშიც მისი უწმინდესობა მხოლოდ მაღალი იერარქი არ ყოფილა. ის იყო ყოფნის ნაწილი. დროის ნაწილი. ცხოვრების ნაწილი.
დღეს, მისი დასაფლავების დღეს, მას მადლობას ვეუბნები.
მადლობას ვეუბნები იმ სიმშვიდისთვის, რომელიც ამდენ ადამიანს მისცა.
მადლობას ვეუბნები იმ სიმაღლისთვის, რომელზეც ქართული ეკლესია აიყვანა.
მადლობას ვეუბნები იმ ისტორიული შრომისთვის, რომელმაც საბჭოთა ნანგრევებიდან ახალი საეკლესიო და ეროვნული რეალობა შექმნა.
და მადლობას ვეუბნები იმისთვისაც, რომ თავისი სიცოცხლით გვასწავლა: დიდი ფიგურა მხოლოდ მაშინ არ არის დიდი, როცა ძლიერია; დიდი ფიგურა მაშინაც დიდია, როცა მისი არსებობა უკვე თვითონ იქცევა ხალხის მეხსიერების საყრდენად.
ილია მეორე წავიდა.
მაგრამ მის შემდეგ დარჩა არა მხოლოდ ტაძრები, არა მხოლოდ ინსტიტუცია, არა მხოლოდ ისტორიული ჩანაწერები.
მის შემდეგ დარჩა განცდა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო ადამიანი, რომელმაც ამ ერს ყველაზე მძიმე წლებშიც მისცა სიმაღლის და სიამაყის შეგრძნება.
ღმერთმა აცხონოს უწმინდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მამაი ჩვენი ილია მეორე.
და ნათელი დაუმკვიდროს იქ, სადაც უკვე აღარ არის არც ტკივილი, არც შიში, არც დროის სიმძიმე.
მხოლოდ მარადისობა.




