გიგი წერეთელი ღარიბაშვილის ანგარიშზე – საზოგადოებამ მოისმინა ტყუილ-მართალის ნაზავი, მაგრამ არაფერი რეკომენდაციების შესრულებასა და აუცილებელ რეფორმებზე

პრემიერ-მინისტრმა ბევრი ილაპარაკა 12 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდაზე და ბევრი ციფრი „დაახვავა“, მაგრამ არაფერი უთქვამს, თუ რამდენჯერ გაძვირდა ცხოვრება ამ პერიოდში და რამდენად ხელმიუწვდომელია ხშირად ელემენტარული საჭიროებები უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის – საზოგადოებამ მოისმინა ტყუილ-მართალის ნაზავი, მაგრამ არაფერი რეკომენდაციების შესრულებასა და აუცილებელ რეფორმებზე, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს ანგარიშის პრეზენტაციას.
მისივე თქმით, ღარიბაშვილს არც იმ კითხვაზე გაუცია პასუხი, რაც ხშირად ისმის საზოგადოებაში – „თუ ასე აყვავების გზაზეა ქვეყანა, რატომ არის უპრეცედენტო მიგრაცია საქართველოდან, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის განვითარებაში მისი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს“.
„სრულიად გაუგებარია, რა მასობრივ გამდიდრებაზეა საუბარი, როდესაც სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში. თუ ის კონკრეტულ ჯგუფს გულისხმობდა, ვინც ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებულია, აქ შეიძლება მისი დამოკიდებულება მართალი იყოს.
ნათელია, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ იტყვის და გააკეთებს ყველაფერს, შეატრიალებს ყველა გზავნილს ან მოიქცევა იმგვარად, რაც მოემსახურება მათ მთავარ ამოცანას, როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება, დაიცვან ივანიშვილისა და მათი გუნდის კეთილდღეობა. ეს ამ გამოსვლაშიც გამოჩნდა დასავლეთთან დიამეტრალურად განსხვავებული გზავნილებით, როდესაც სულ ცოტახნის წინ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს მადლობას უხდიან, ამ ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ.
მიღწევების რეტროსპექტიული ანალიზისა და თავის ქების გარდა ვერ მოვისმინეთ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება უსაფრთხოებისა და მშვიდობის მოსაპოვებლად, რასაც არა რუსეთთან დათმობის პოლიტიკა, არამედ პირველ რიგში ნატო-ში გაწევრიანება და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია წარმოადგენს. პრაქტიკულად არცერთი სიტყვა იმ გასატარებელ რეფორმებზე არ თქმულა, რის გარეშეც დღეს ჩვენი საზოგადოების დამსახურებით მიღებული სტატუსი უბრალოდ გამოუყენებელ შესაძლებლობად დარჩება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.