გიგი წერეთელი – ეს არის ავტოკრატიის გზა, ეს არის მოდელი, რომელიც ტოტალიტარულ ქვეყნებშია

სამწუხაროდ, გზა ავტოკრატიისკენ მიდის – იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების დაუცხრომელი გმირული სულისკვეთება, რომ თავისი მომავალი არ დათმოს, ს ნაწილი არ ვიყოთ და ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარმატებით დასრულდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, თბილისში მიმდინარე აქციაზე განცხადა.
მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ტოტალიტარულ ქვეყნებში ხდება.
“ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილია ჩართული დემოკრატიულ პროცესში, ხელისუფლება კი ცდილობს ჯიუტად არ შეხედოს არაფერს, არ მიიღოს ეს ყველაფერი სერიოზულად; პოლიტიკურ ნიადაგზე ამდენი ადამიანია დაკავებული; მზია ამაღლობელი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობა მძიმეა; პრაქტიკულად სრული საერთაშორისო იზოლაციაა – მაგალითად, ამერიკაში ყველა ტრიალებს საქართველოს ხელისუფლების გარდა; მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ არის; პარლამენტი ერთპარტიული გახდა – თუ ამ ყველაფერს ერთად დავალაგებთ, ვნახავთ, რომ ეს არის ავტოკრატიის გზა, ეს არის მოდელი, რომელიც ტოტალიტარულ ქვეყნებშია, სადაც იგნორირებულია საზოგადოების აზრი, ფეხქვეშაა გათელილი კანონმდებლობა, სასამართლო დაქვემდებარებულია, კონსტიტუციური პრინციპები დომინანტი არ არის და სადაც საერთაშორისო, დემოკრატიული მსოფლიოსგან დისტანცირება ხდება. სამწუხაროდ, ეს გზა ავტოკრატიისკენ მიდის. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების ეს დაუცხრომელი გმირული სულისკვეთება, რომ თავისი მომავალი არ დათმოს, რუსეთის ნაწილი არ ვიყოთ და ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა წერეთელმა.