გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე – ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ჟურნალისტებთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტისგან სამუშაო შეხვედრებში ჩართვას ითხოვს.
ვოლსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმაში, რომელიც ჩართულია სამუშაო ფორმატში, დაახლოებით 200 ორგანიზაციაა და პლატფორმიდან გასული ორგანიზაციები მსგავსი განცხადებებით სამუშაო პროცესს ჩრდილს ვერ მიაყენებენ.
„ევროკავშირის აღიარებული და მხარდაჭერილი პლატფორმიდან რამდენიმე ორგანიზაცია გავიდა იმის გამო, რომ არჩევნების თუ სხვა საკითხების მიმართ ჰქონდათ ნეგატიური დამოკიდებულება.
ახლა ამას უფრო მეტად ხუშტურები შეიძლება დავარქვათ, ვიდრე საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, რაც გულისხმობს მუშაობას, წინადადებების მოსმენას და გაზიარებას. ახლა ამ პოზიციიდან შეტევა პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომელიც კონსულტაციებს ატარებს ევროკავშირის მიერ აღიარებულ პლატფორმასთან, სადაც დაახლოებით 200 ორგანიზაციაა გაწევრიანებული, ინკლუზიურობას ჩრდილს არ აყენებს არანაირად. ახლა, როცა ამ პლატფორმიდან გასული ადამიანები ცალკე რაღაც პლატფორმას ქმნიან და თავისი მხრიდან მიმართავენ, ვფიქრობ, ეს უფრო სკანდალურობისთვის არის გაკეთებული. ფაქტია, თუ იქ რაღაც არ მოეწონათ და იმიტომ გავიდნენ, დღეს მათი ეს მიმართვა განხილული უნდა იქნას მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ჩრდილი მიაყენოს ამ მიმდინარე პროცესს და მოახდინოს პროცესის დისკრედიტაცია, თითქმის სადღაც არიან პლატფორმიდან გასული ორგანიზაციები, რომლებსაც არ რთავენ პროცესში მაშინ, როცა დაახლოებით 200 ორგანიზაცია ჩართულია ამ პროცესში. როგორ მიაყენონ ზიანი ამ პროცესს ამაზე ფიქრობენ, ამიტომ ეს საყვედურიც მათგან გასათვალისწინებელი არ არის, მაგრამ კიდევ როგორ უნდა გაფართოვდეს ჩართულობა სექტორის. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ალბათ, საჭიროა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას კვლავ ითხოვს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 29 იანვარს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვია.
მათივე განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …