გზის გადაკეტვის საფუძვლით დაკავებულ გიორგი სიხარულიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

გზის გადაკეტვის საფუძვლით დაკავებულ გიორგი სიხარულიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 56 წლის სიხარულიძეს 23 ოქტომბერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავება. კონკრეტულად – ე.წ. ბასლაინზე დგომას.
ადვოკატმა ოთარ კახიძემ განმარტა, რომ -ის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებშიც კი ჩანს, რომ როგორც პარლამენტის წინ, ისე ჭიჭინაძის ასახვევთან ხალხი გადაჭედილია. გარდა ამისა, კახიძემ შენიშნა, რომ ავტობუსი, რომელიც სიხარულიძის ავტობუსის სავალ ზოლში გადასვლამდე რუსთაველზე მოდიოდა, მიბრუნდა პარლამენტთან მისვლამდე. კახიძის თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ გზა ბუნებრივად გადაიკეტა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების პრაქტიკით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოზე წარადგენს 112-ის სამეთვალყურეო კამერებით გადაღებულ ვიდეოებს, რაც ტერიტორიას ზედხედით აჩვენებს. მანუჩარ ცაცუამ -ის წარმოდგენილ ვიდეოზე სიხარულიძეს მიუთითა პარლამენტის წინ იმ ტერიტორიებზე, სადაც მას დგომა შეეძლო, ნაცვლად გზის სავალ ნაწილზე გადასვლისა. გიორგი სიხარულიძე მოსამართლეს განუმარტა, რომ აქციაზე დგომისას მას არ აქვს შესაძლებლობა მთელ ტერიტორიაზე ხალხის სიმჭიდროვე აღიქვას და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი აღქმით, ტროტუარზე იმაზე ბევრი ადამიანი შეგროვდა, ვიდრე იქ ამის შესაძლებლობა იყო.
“სინანული არ გამაჩნია იმ საქციელის რაც გავაკეთე. იმიტომ ვდგავართ იქ ჩვენ, რომ ვეწინააღმდეგებით ერთი კვირის წინ მიღებულ კანონს და სხვა რეპრესიულ კანონებს, გარდა იმისა, რომ კურსის შეიცვალა ქვეყანამ […] სახელმწიფოს ევროპისკენ გზა გადაუკეთეს და მე მედავებიან, რომ რუსთაველზე გზის ერთი მონაკვეთი გადავკეტე. უფრო სწორად, გადაკეტილი იყო და შეუერთდი”, – განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.
შსს-ის წარმომდგენელმა თამთა ქიმბარიშვილმა განმარტა, რომ ისინი არ ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ისე გამოხატონ საკუთარი პროტესტი, რომ ხელი არ შეუშალონ იმ ადამიანების გადაადგილებას, ვინც არ არის აღნიშნული პროტესტის მონაწილე და უბრალოდ სურს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
ამავე თემაზე:
· 21 წლის სტუდენტი, ანა ლომიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს