“გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ” – სანიოლმა ფრანგულ ტელეარხთან დავითაშვილის და მიქაუტაძის პროგრესზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ტელეარხ RMC-ზე გადაცემა AFTER FOOT-ზე ჩაერთო და საფრანგეთში მოასპარეზე ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე შეაქო:
„დავითაშვილის ბოლო მატჩებს ვუყურე, „დიუნკერკთან“ შეხვედრაზე სტადიონზე ვიყავი და მისი ლამაზი გოლი ვნახე. ის კარგი ფეხბურთელია, საქართველოში სხვა შესანიშნავი მოთამაშეებიც არიან და ჩემი აზრით, ევრო 2024-ზე გასვლა მათ კომპლექსებისგან ცოტა განთავისუფლების საშუალებას მისცემს. ისინი აღარ ითვლებიან იმ გუნდის წევრებად, რომელსაც დიდ ტურნირზე არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა და მუდამ მარცხდებოდა. მგონია, ეს ბევრზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს. ზურიკო უფრო შედეგიანი გახდა და
პროგრესირებს, თავისუფლად მოქმედებს, თავდახრილი აღარ თამაშობს, მომწიფდა, გაცილებით ეფექტური გახდა, „ბორდო“ რომ ქვედა ლიგაში დაქვეითებას გადაურჩა, მისი დიდი დამსახურებაცაა.
მიქაუტაძე ნიჭიერია, ცოტა გვიან გაიხსნა. ბავშვობაში „ლიონის“ აკადემიაში საკმარისად გულმოდგინედ არ მუშაობდა, სადაც მისთვის ყველაფერი დადებითად არ წარიმართა. თუმცა გააცნობიერა, რომ წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი შრომა მართებს. „აიაქსში“ მისი ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაზარდა. „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მდგომარეობა გაიუმჯობესა და ვიღაცამ თქვა, რომ ლამის მარტო ცდილობს გუნდისთვის ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას. ის გადატვირთვის პროცესშია“.
ფრანგმა სპეციალისტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ქართველებს ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდათ, თუმცა წარმატებულები დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ იყვნენ, საქართველოში წელიწადში შვიდ თვეს ატარებს, რაც პატივისცემის საკითხია, მის განკარგულებაში უფრო შემტევები არიან, ჰყავს ისეთი მეკარე, როგორიც გიორგი მამარდაშვილია და თავდამსხმელი , რაც საქმეს უიოლებს და გერმანიაში ტურისტებად არ მიემგზვრებიან.