9 დღეში ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კანონები, რომელსაც უკვე უწოდეს: „რეპრესიული“, „შემზღუდავი“, „სადამსჯელო“, „არადემოკრატიული“. რა გამკაცრდა ადმინისტრაციულ კოდექსში და რატომ უკავშირდება დემონსტრაციებს – დეტალები სტატიაში
იურისტ საბა ბრაჭველს რეჟისორ სტივენ სპილბერგის 2002 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტაქტიკა Minority Report გაახსენა ცვლილებებმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა.
ამ ფილმში პოლიციელებს შეუძლიათ წინასწარ დაინახონ, ჩაიდენს თუ არა ადამიანი დანაშაულს მომავალში და ამის საფუძველზე დააკავონ კიდეც.
„როგორც ჩანს, ჩვენს შსს-ში ვიღაცამ ამ ფილმს უყურა და ჭკუაშიც დაუჯდა“, – ამბობს იურისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 224-ე მუხლში გაჩენილ ახალ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც „პოლიციას უფლება ეძლევა სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციისთვის ადამიანი დააკავოს“.
„მხოლოდ და მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, რომ მან მომავალში შეიძლება წესრიგი ხელმეორედ დაარღვიოს“, – ამატებს საბა ბრაჭველი.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ეს ჩანაწერი პოლიციას უმარტივეს მოქალაქეების ჩხრეკას, დაკავებასა და გასიჯვას. ამ უკანასკნელს – ტერმინს გასიჯვას – იურიდიულ ახსნასაც ვერ უძებნის: „არ ვიცით რას ნიშნავს“.
„აქ არ იგულისხმება სამართალდარღვევის მომზადება, მცდელობა, ან ჩადენის დაწყება. არა – ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც პოლიციელი, უბრალოდ, თავისი შეხედულებისამებრ, ჩათვლის, რომ მოქალაქემ შეიძლება ოდესმე, მომავალში, კანონმდებლობის რომელიღაცა პუნქტის დარღვევა გადაწყვიტოს. პოლიციელის ეს ‘მოსაზრება’ მოქალაქეთა იზოლატორში (მინიმუმ) 48 საათით გადაყვანის საფუძველი გახდება“, – ასე განმარტავს საბა ბრაჭველი ახალ ჩანაწერს.