სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის თქმით, გამოვლენილია „ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში“, თუმცა მიზანი არაა მათი დაკავება და „სანახაობის მოწყობა“.
ამის ნაცვლად, ბატიაშვილის თქმით, კონტრდაზვერვითი ღონისძიებების ამოცანაა ჯაშუშების და მათი ქსელის იდენტიფიცირება და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების პრევენცია.
„კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული მოქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, კავშირები დავადგინოთ, მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები… სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ“, — განაცხადა ბატიაშვილმა.
მისი თქმით, „არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში“.
პარლამენტში დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ. სუსის ვერსიით, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდნენ უცხო ქვეყნები, თუმცა უცნობია — რომლები.
სუსმა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ გასული წლის სექტემბერში განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.
უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ „ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.
კითხვაზე, თუ რატომ არ დადგა ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების არცერთ საქმეზე, ბატიაშვილი აცხადებს, რომ „ძალიან ძნელია გასაზღვრო [გამოძიების] კონკრეტული ვადები“.
„ჩასატარებელია მრავალი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისად, ეს შეიძლება სცდებოდეს საქართველოს ფარგლებს, ასევე იყო სხვა ობიექტური შემაფერხებელი გარემოებები, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეზე რამდენი ხანი გაგრძელდება გამოძიება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის“, — თქვა ალექსი ბატიაშვილმა.