გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტს მხარი დაუჭირა. აშშ-ს წარდგენილ შეთავაზებას მხარი დაუჭირა უსაფრთხოების საბჭოს 15 წევრიდან 14-მა. რუსეთის წარმომადგენელმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
შეთავაზება აყენებს პირობებს “სრული და საბოლოო ზავისთვის”, მათ შორის შეთანხმების პირველ ეტაპზე ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებას, მოკლული მძევლების ცხედრების დაბრუნებას და საპასუხოდ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ისრაელის მიერ. ზავის მეორე ფაზა გულისხმობს თავდასხმების შეჩერებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალების გასვლას. მესამე ფაზა ფოკუსირდება ღაზის გრძელვადიან მოწყობასა და განვითარებაზე, მათ შორის მრავალწლიან რეკონსტრუქციის პროექტზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის პროექტი 31 მაისს წარადგინა. ბაიდენმა ის ისრაელის ზავის შეთავაზებად წარადგინა, თუმცა ისრაელის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ წინადადებასა და ისრაელის ზავის პირობებს შორის განსხვავებებია და ეს უფრო მეტად მედიატორების მიერ ჩამოყალიბებულ შეთავაზებას წარმოადგენს, ვიდრე ისრაელის პოზიციას.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 10 ივნისს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ზავზე შეთანხმების მისაღწევად, კერძოდ ეგვიპტესა და ისრაელში, კიდევ ერთი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.