გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორის წერილი ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ

“7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმიდან სამი თვის შემდეგ ღაზა სიკვდილისა და უიმედობის ადგილად იქცა”, – ასე იწყება მარტინ გრიფიტსის, გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორის განცხადება. მისი თქმით, დღეს ღაზაში სურსათის უკმარისობის უმაღლესი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
გრიფიტსი, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეა ჰუმანიტარულ საკითხებში, აფასებს ღაზაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ:
“საზოგადოებრივი ჯანდაცვა კატასტროფის წინაშეა. გადატვირთულ თავშესაფრებში ინფექციური დაავადებები ვრცელდება, რადგან იღვრება კანალიზაცია. ამ ქაოსში, ყოველდღიურად 180 პალესტინელი ქალი მშობიარობს. ადამიანები სურსათის დანაკლისის ყველაზე მაღალ დონის წინაშე არიან, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. შიმშილია ყველა კუთხეში.
ბოლო 12 კვირა განსაკუთრებით ტრავმული ბავშვებისთვის იყო: არა საჭმელი. არა წყალი. არა სკოლა. არაფერი, გარდა ომის საშინელი ხმებისა ყოველდღიურად”, – წერს გრიფიტსი.
გაეროს მონაცემებით, ბოლო სამ თვეში ღაზაში დაიღუპა ან დაშავდა ათობით ათასი ადამიანი, ძირითადად – ქალები და ბავშვები. ოჯახებს ღია ცის ქვეშ სძინავთ. სამედიცინო დაწესებულებები მუდმივი თავდასხმის ქვეშაა. საავადმყოფოთა მცირე ნაწილი, რომელიც ფუნქციონირებს, გადატვირთულია და არ აქვთ მარაგი.
მარტინ გრიფიტსის თქმით, პრობლემები ექმნებათ იმ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ღაზაში მცხოვრები ადამიანების დახმარებას ცდილობენ. გარდა გადაადგილებისა და კომუნიკაციის პრობლემებისა, მათი თანამშრომლები იღუპებიან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების მცდელობისას. გრიფიტსის შეფასებით, ღაზაში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის დახმარება ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის “შეუძლებელი მისიაა”.
“ღაზაში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. იქაური ხალხი არსებობის საფრთხის წინაშეა ყოველდღე, მაშინ, როცა მსოფლიო მათ უბრალოდ შორიდან უყურებს […] იმედი არასდროს ყოფილა ასეთი ბუნდოვანი. ღაზამ გვაჩვენა როგორც ადამიანობის ყველაზე უარესი, ასევე შესანიშნავი გმირობის მომენტები”, – წერს გაეროს წარმომადგენელი.
გრიფიტსის შეფასებით, არსებობს ომის მთელ რეგიონში გავრცელების რისკიც. ის ამბობს, რომ პრობლემის ძალადობრივი გზებით მოგვარების მცდელობა “მხოლოდ ამძაფრებს ემოციებს და ახალ თაობებს შიშსა და დაუცველობაში ზრდის”.
“ჩვენ ვაგრძელებთ ომის შეწყვეტის მოწოდებას, არა მხოლოდ ღაზაში მცხოვრები ხალხისა და მათი მეზობლებისთვის, არამედ მიმავალი თაობებისთვის, რომლებიც არასდროს დაივიწყებენ ამ 90 დღის ჯოჯოხეთსა და თავდასხმებს ადამიანურ ფასეულობებზე.
დროა, მხარეებმა შეასრულონ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, მათი აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ტყვეების დაუყოვნებელი გათავისუფლების ჩათვლით. დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა ამის შესასრულებლად.
ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მაგრამ, უკვე დიდი ხანია, დასრულების დროა”, – ვკითხულობთ მარტინ გრიფიტსის წერილში.
ომი ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასი მოულოდნელად დაესხა თავს ისრაელს. თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი ჰამასმა მძევლად აიყვანა, ძირითად – მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ დროის მონაცემებით, ომს ღაზას სექტორში 23 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე თემაზე:
· ვინ და როგორ უნდა მართოს ღაზა ომის შემდეგ – ს თავდაცვის მინისტრის გეგმა
· გაეროს რეზოლუცია ღაზაში სასწრაფო ჰუმანიტარული ზავისკენ მოუწოდებს
· გამქრალი ოჯახები, საერთო სამარხები და სასოწარკვეთა ღაზაში
· რა ელით პალესტინელ ლტოლვილებს? – ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში
· “ღია ციხე” — რა არის და როგორ ცხოვრობს ღაზის სექტორი