,,გადაადგილდება ეტლით, სავარაუდოდ, აქვს ტვინის შერყევა” – რას ამბობს ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილზე?

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ციხეში ცემის შედეგად ბაჩიაშვილს უჭირს დამოუკიდებელი გადაადგილება, აღენიშნება ტვინის შერყევის სიმპტომები და რამდენიმე ადგილზე ადევს ნაკერებიც.
“მიყენებული დაზიანებების შემდეგ მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. შესაბამისად, გადაადგილდება ეტლით. სავარაუდოდ მას აქვს ტვინის შერყევა, მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამასთან, აღიზიანებს მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტა და აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება.. ეს ყველაფერი მას განუვითარდა გონების დაკარგვიდან ხანმოკლე პერიოდში. არაერთი დაზიანების კვალი აღენიშნება, სისხლჩაქცევების სახით. თავზე მას ჰქონდა გადახვეული სპეციალური სამედიცინო ბინტი, მაგრამ როგორც განმარტა, რამდენიმე ადგილზე აქვს ნაკერები” – განაცხადა მახარაშვილმა TV პირველთან.
მისივე ინფორმაციით, ბაჩიაშვილი მზადაა, გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გენერალურ პროკურატურასთან:
“გუშინ უკვე მივმართეთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატარონ, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია ხოლო ამ საქმეში გიორგის განცხადებაში ფიგურირებს მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი და ერთ-ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება. ამ შემთხვევაში ეს არის პროკურატურა. გიორგი აცხადებს, რომ ის მზად არის, პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია”