გაგრძელდება თუ არა შიდა ფრენები ნატახტარის აეროპორტიდან

აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ნატახტარის აეროპორტი მოხსენებული აღარ არის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, არც ერთი ფრენა, VANILLA SKY-ის აეროპორტიდან აღარ სრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, BM.GE-ის კითხვის პასუხად თქვა, რომ მიზეზი ოპერირებისთვის საჭირო სტანდარტების არარსებობაა და აეროპორტში ახლა მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
“ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ნატახტრიდან ფრენაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს, საჭიროებს ბევრი დეტალის შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. ტექნიკური პირობები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.
ამის მიხედვით იქნება შესაძლებელი ნატახტრის აეროპორტის გამოყენება. ახლა, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ხდება აეროპორტის მოდერნიზება” – განუცხადა bm.ge-ის ვიცე-პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.