ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ შემადგენელ – სერბების – ნაწილში, „რეპუბლიკა სრპსკაში” (Republika Srpska) საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენების 99.72%-ის დათვლის შემდეგ გამოვლენილი შედეგით, იმარჯვებს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ალიანსის (SNSD) კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტის, მილორად დოდიკის მოკავშირე. დოდიკი თებერვალში სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სინიშა კარანმა ხმების 50.30% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ, ოპოზიციური სერბეთის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ბრანკო ბლანუშამ, 48.37%.
„რეპუბლიკა სრპსკას” საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა, დანარჩენმა ოთხმა კი ხმების 1%-იც კი ვერ მიიღო.
სინიშა კარანმა და SNSD-ის ხელმძღვანელობამ (მილორად დოდიკის თაოსნობით) გამარჯვება 23 ნოემბრის საღამოს გამოაცხადეს. რადიო თავისუფლების ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ვებსაიტის ცნობით, SDS-მ განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და აპირებს მათ გასაჩივრებას.
„რეპუბლიკა სრპსკაში” არჩეული პრეზიდენტი თანამდებობაზე იქნება მხოლოდ 2026 წლის ოქტომბრამდე, სანამ ბოსნია-ჰერცეგოვინაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდება.
2022 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის, მილორად დოდიკის უფლებამოსილება 2025 წლის აგვისტოში შეწყდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის სასამართლომ მას 2025 წლის თებერვალში დაუსწრებლად მიუსაჯა ერთწლიანი პატიმრობა და ექვსი წლით აუკრძალა პოლიტიკაში მონაწილეობა გაეროს წარმომადგენლის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.
დოდიკი, „რეპუბლიკა სრპსკას” დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, დამნაშავედ ცნეს 2023 წელს იმ კანონების ხელმოწერაში, რომლებიც ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს და ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს წარმომადგენლის, ქრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს აჩერებდა.
დოდიკმა თავიდან განაცხადა, რომ არ დაემორჩილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ შემდგომში კომპრომისი მიღწეული იქნა: დოდიკმა აირიდა პატიმრობა და თანამდებობა დატოვა. გარდა ამისა, აშშ-მა მას და მისი ოჯახის წევრებს მოუხსნა სანქციები, რომლებიც2017 წელს დაუწესეს.
ფორუმი




