ბოლომდე შევეწინააღმდეგებით – მოსამართლე მეთოფიშვილი ე.წ. ვეტინგზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი Facebook-პოსტით ე.წ. ვეტინგის ჩატარების მომხრე მოსამართლეებს პასუხობს და მათ პოზიციას “უკიდურესად არაკოლეგიალურსა” და “პროფესიული ღირსების შემლახავს” უწოდებს.
თავად მოსამართლეების შემოწმების პროცესი, მისი მტკიცებით, სასამართლო ხელისუფლების დაშინებას, მასზე ანგარიშსწორებასა და მის დამორჩილებას ისახავს მიზნად, რაც “მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით”, რასაც “მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით”.
მეთოფიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებულ სიაში, რომელშიც ის 57 მოსამართლე შედის, ვინც ე.წ. ვეტინგის პროცედურა უნდა გაიაროს, პროცესის მხარდამჭერი მოსამართლეები არ არიან.
“ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერად გვევლინებიან ის მოსამართლეები, რომლებიც ზემოთ მითითებული 57 მოსამართლის სიაში არ არიან, რომლებზეც არც შესაბამისი მოთხოვნა და შესაბამისად მათზე ე.წ. ვეტინგის გავრცელების ფორმალური საფუძველი ამ ეტაპზე, არ არსებობს.
შესაბამისად, გამოდის, რომ:
ა) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ემხრობა – ე.წ. ვეტინგი გავრცელდეს მათ 57 კოლეგაზე; ამით ისინი ავტომატურად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ამ 57 მოსამართლის არაკეთილსინდისიერება მინიმუმ საეჭვოა და გადამოწმებას ექვემდებარება უცხოელების მიერ. ეს პოზიცია უკვე არის უკიდურესად არაკოლეგიალური და პროფესიული ღირსების შემლახავი.
ბ) აღნიშნული რამდენიმე მოსამართლე ამ განცხადებით მწვანე შუქს უნთებს ე.წ. ვეტინგის გავრცელებას – არამარტო ჯერჯერობით უცხოელების მიერ სუბიექტური ნიშნით მიზანში ამოღებულ 57 მოსამართლეზე, არამედ მიესალმება ამ პროცედურის დაწყებას მთელი სასამართლო სისტემის მიმართ, ვითომ თავიანთი პირადი მზაობის მოშველიებით, რისი არავითარი საფუძველი, ე.წ. ვეტინგის თავგადადებულ მომხრეებისა და ინიციატორების მიერ გაჟღერებული მოსაზრებების მიხედვითაც კი, ფორმალურად არ არსებობს! ანუ, ეს მოსამართლეები ერთის მხრივ მათი კოლეგების გადამოწმების მოთხოვნას მიესალმებიან, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოითხოვეს სასამართლო სისტემის მიმართ საკუთარი ტენდენციურობით გამორჩეულმა სუბიექტებმაც კი და შესაბამისად მთელი სასამართლო კორპუსის, უცხოელების ვეტინგის “წნეხის” ქვეშ გატარებას მოითხოვენ”. – წერს მეთოფიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მტკიცებით, ე.წ. ვეტინგის ჩამტარებელი სუბიექტები მიზნად ისახავენ სასამართლო სისტემაში არასასურველი მოსამართლეებისთვის პრობლემების შექმნას, საბოლოო მიზანი კი არა ობიექტურობა, არამედ მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით სასამართლო ხელისუფლების დაშინება, ანგარიშსწორება და დამორჩილებაა.
“მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში, არა იმის გამო, რომ რაიმე სახის შემოწმების გვეშინია, როგორც ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სახავენ ჩვენი მოწინააღმდეგენი, არამედ ე.წ. ვეტინგის ზემოთ აღწერილი უკიდურესად უხეში, არალეგიტიმური ფორმის, ასევე – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფის და ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი ეფექტის გამო!” – წერს მეთოფიშვილი.
საკუთარი პოზიციის განმტკიცების მიზნით მოსამართლეს მაგალითად ე.წ. ვეტინგის ალბანური და უკრაინული გამოცდილების მისეული აღქმა მოჰყავს. მისი მტკიცებით, პროცედურა, რომელიც ალბანეთში 2015-2016 წლებში დაიწყო, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და “მისი თავგადადებული მომხრეებიც კი ვეღარ პროგნოზირებენ, თუ როდის დასრულდება, ან საერთოდ მიიღწევა კი ის მიზნები (სამართლის უზენაესობის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა და ა.შ.), რასაც ე.წ. ვეტინგი ემსახურება. ბოლომდე პარალიზება გაუკეთდა უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, სადაც თითო მოსამართლე დატოვეს მხოლოდ და ა.შ.”
მეთოფიშვილის მტკიცებითვე, ე.წ. ვეტინგს კრიზისი მოჰყვა უკრაინის სასამართლო სისტემაში, “2000-მდე მოსამართლემ დატოვა თანამდებობა, რომელთა არასრული ჩანაცვლებაც მოხდა “სასურველი” კადრებით”, ეს კი მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე აისახა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის პოსტს კომენტარებში გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან თევზაძე.
“ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი ში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ, არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს”. – დაწერა თევზაძემ.
უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვას.
სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბექაურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, მათ საკუთარი პოზიცია პლენუმის ოქმში აღნიშნეს.
გუშინ, 14 მარტს მთავარი არხის გადაცემისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, კიდევ ორმა მოსამართლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
“საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა” – წერია ანგარიშში.