ბლინკენი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს მოვლენებს — მილერი

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, სახელმწიფო მდივანი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროსაც იღებს ამ საკითხზე ინფორმაციას.
„ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რომლებიც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს“, — განაცხადა მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, მილერმა თქვა, რომ აშშ ასევე შეშფოთებულია და გმობს ხელისუფლების წარმომადგენლების ცრუ ნარატივს, რომელსაც ისინი კანონპროექტის დასაცავად ავითარებენ.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო დააყენა საეჭვო ტრაექტორიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“, — განაცხადა მილერმა.
რა ხდება?
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი