ბექა ლილუაშვილი – რაც პარლამენტში ხდება, არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან – იმის ნაცვლად, რომ მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, კომიტეტი იმის საშუალებასაც არ გვაძლევს, ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ

დღეს რაც საქართველოს პარლამენტში, კომიტეტზე ხდება, არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან – იმის ნაცვლად, რომ მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, კომიტეტი იმის საშუალებასაც არ გვაძლევს, რომ ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ყველა არგუმენტს მოუკლავს, მათ შორის ფსევდო არგუმენტს, რომელიც კომიტეტზე თითქოს, იყო გაჟღერებული.
„დღეს რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რაც კომიტეტზე ხდება ეს არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან. ამავდროულად, როცა ესენი გამოდიან და არგუმენტად იშველიებენ, თითქოს, ევროკავშირში ასეთი კანონია ინიცირებული, საქართველოს ვერ შემდგარ პრემიერ-მინისტრთან ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელია მისული დემარშით და პირდაპირ ეუბნებიან, რომ დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებს კანონი არ შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ აქ პარლამენტში მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, იმის საშუალებასაც არ გვაძლევს კომიტეტი, რომ ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ „რუსულ კანონთან“ ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხების კონტრასტი. ერთი ადამიანი, ერთი ორგანიზაცია, ევროპარლამენტის ერთი წევრი, ან ევროკომისიის ერთი წარმომადგენელი დაასახელოს მდინარაძემ, რომელიც თანამოაზრეა ამ ინიციატივის და ჩვენ ჩამოვთვლით არა ერთ რუს პროპაგანდისტს, რომელიც დაეთანხმება და ეთანხმება უკვე არა ერთი დღეა,“ -განაცხადა ლილუაშვილმა.