ბექა კობახიძე: ამიტომ, რა უფლება გვაქვს დავნებდეთ და გავტყდეთ?

“1870-იანი წლების ტფილისში რომ ჩამოსულიყავით, იქ ქართველების რაოდენობა ერთ მესამედსაც არ შეადგენდა. აქედან, უმრავლესობა იყვნენ მეფის სამსახურში ერთგულად მდგარი თავადაზნაურობა, წერა-კითხვის უცოდინარი გუშინდელი გლეხები, ამქრები და სხვა. თერგდალეულებს ტფილისური ცხოვრების 5% თუ ეჭირათ. რამდენიმე ასეული “დროების” ნომერი იყიდებოდა, მერე მაგას “ივერია” წამოეწია, მარა შეგეძლო ტფილისში ისე გეცხოვრა, რომ ესენი ვერ შეგემჩნია. რასაც აუცილებლად შეამჩნევდით იყო სომხური კაპიტალი, ულამაზესი სასახლეები, ელიტური რუსული ოჯახები ახალგაკეთებულ გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე და ქართველი თავადაზნაურობა, რომელიც ცდილობდა თავიანთი შვილები როგორმე იმპერატორის მიერ გახსნილ კადეტთა სამხედრო სასწავლებელში მოეწყო. აქედან კაცი იწყებდა სამხედრო კარიერას, აღწევდა უფროს ოფიცრობას, ბევრი გენერლობასაც, მერე ვინმე რუსი დიდი მემამულის ქალსაც მოიყვანდა, სადმე გუბერნატორის მოადგილეც გახდებოდა და გემრიელად იცხოვრებდა.
თერგდალეულები იყვნენ რაღაც გამონაკლისი. რეალურად ეს ახალგაზრდები რუსულ უნივერსიტეტებში იმიტომ გაგზავნეს, რომ აქ დაბრუნებულები მაზრებსა და ქალაქებში მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ. ასე იქცეოდა 90%, მაგრამ ამ გამონაკლისებმა გაიმარჯვეს და თუ იქ, ადგილზე შეუმჩნეველები იყვნენ ჩვეულებრივი გამვლელისთვის, ახლა მათ იქით ლამის ვეღარაფერს ამჩნევს ისტორიკოსი. მათმა აზრებმა გაიმარჯვა. ის გენერლები და რუსეთში სარფიანად ჩასიძებული ხალხი, მეფისნაცვლის კარზე დასაქმებული ქართველები აღარავის ახსოვს.
1914 წელს გერმანელთა დახმარებით შეიქმნა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი. ეს იყო “შეშლილი” ხალხი. გაგანია პირველი მსოფლიო ომის დროს წყალქვეშა ნავით შემოიტანეს იარაღი. ანტირუსულ აჯანყებას ამზადებდნენ. არავითარი სახალხო მხარდაჭერა მათ არ ქონდათ. მათივე აღიარებით, როცა გერმანიის სამხედრო ტყვეთა ბანაკებში ქართველებს ნახულობდნენ და მათ ს წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობას სთავაზობდნენ, ეს ტყვეები ქვებს ესროდნენ, ხელმწიფის წინააღმდეგ ბრძოლას როგორ გვთხოვთო.
მათი თავისუფლებისთვის მებრძოლს, შენივე ხალხი ქვებს რომ გესვრის, მაგრამ შენ შენი საქმის იმდენად გჯერა რომ არ ტყდები და მაინც იბრძვი, ძალიან დიდი გული უნდა გქონდეს! დამოუკიდებლობის კომიტეტის აზრებმა გაიმარჯვა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი. 1914 წელს რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ეს კომიტეტი 3%-ს ვერ აიღებდა, მაგრამ დღეს ისინი არიან გმირები.
აი ამაზე ფიქრი არ მაძლევს დანებების საშუალებას. კი, ყველას გვყავს ის მეზობელი და ნათესავი, ვინც დედას გვაგინებს იმის გამო, რასაც ვაკეთებთ (არადა მათთვისაც ვაკეთებთ); გულს გვიტეხს კარტოფილში გაცვლილი ხმა; მიუღებლად მიგვაჩნია ის კაცი ყველას რომ ყიდულობს; 29-ში ათიათასობით ადამიანს ცხვარივით წამოასხამენ, მაგრამ ეს პირველად არ ხდება ისტორიაში. თერგდალეულები თუ დამოუკიდებლობის კომიტეტელები ბევრად უფრო მარტონი იყვნენ, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა და დასავლეთი აკეთებს რაც შეუძლია. არც წყალქვეშა ნავით იარაღის შემოტანა გვჭირდება. ამიტომ, რა უფლება გვაქვს დავნებდეთ და გავტყდეთ?
თუ რამე მესმის ისტორიის, აუცილებლად, მის სწორ მხარეს ვდგავართ,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს