ბექა ბასილაია – სდსს-ის უფროსის მრჩევლის, სიმონ ნოზაძის ჩვენება იმ ვითარებაშია მნიშვნელოვანი, როცა მოსამართლე ობიექტურია – ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილის პირობებში, ობიექტურობის მოლოდინი რა თქმა უნდა, არ გვაქვს

სიმონ ნოზაძის ჩვენება იმ ვითარებაშია მნიშვნელოვანი, როცა მოსამართლე ობიექტურია. ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილის პირობებში, ობიექტურობის მოლოდინი რა თქმა უნდა, არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, ს ადვოკატი ბექა ბასილაია სდსს-ის უფროსის მრჩევლის, სიმონ ნოზაძის ჩვენებას.
როგორც ბასილაია განმარტავს, ნოზაძეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უარყოფა არ მოუხდენია, რაც მათი გამარჯვებაა.
„პირველ რიგში, პროცესის ფორმალურ ნაწილზე უნდა ვისაუბროთ. სრულიად უსაგნო პროტესტები დგებოდა, სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად უშლიდა დაცვის მხარეს პროცესის ჩატარებაში ხელს, მაშინ, როცა ანალოგიური კითხვები თემურ მღებრიშვილს დაესვა, არავის დაუყენებია პროტესტი და მოსამართლეს კითხვები არ მოუხსნია. დღეს რატომ იქცეოდა ასე ბრალდების მხარე და მოსამართლე – მღებრიშვილის ჩვენება ძალიან ეტკინათ, მიიღეს ინსტრუქციები, რომ მსგავსი ჩვენების მიღების შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მისცემოდა. ამავდროულად, ჩვენ მომდევნო პროცესზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის დაკითხვას ვითხოვთ, ახლა შეამზადეს ფონი, რომ კაკაურიძეს კითხვები არ დავუსვათ სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ მოწმის – სიმონ ნოზაძის ჩვენებას, მოწმეს ხშირ შემთხვევაში, ბრალდების მხარე პასუხობდა, როგორი პასუხი უნდა გაეცა ჩვენთვის. ეს მოწმე დღესაც არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, ის არის იმ პირის მრჩეველი, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. ჩუბინიძის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმიდან 2 წელია გასული, მის მიმართ დევნა დაიწყეს? საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს? კაცმა თქვა, ახლა რომ სიმართლე ვილაპარაკო, ამას ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენო, პროკურატურამ ეს მოისმინა, მაგრამ წაუყრუა. ამ ადამიანის მრჩეველს ვკითხავდით, იმის მოლოდინი, რომ ბატონი სიმონ ნოზაძე ყველაფერზე გულწრფელად ისაუბრებდა, არ იყო, მაგრამ მან არ უარყო ჩვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია, ეს არის დაცვის მხარის გამარჯვება. მას რომ ეთქვა, რა ხარჯებიც წარვუდგინეთ ვალერიან კილაძეს, რომ ასეთი ხარჯები არ ყოფილა და ცრუ ინფორმაციააო, მაშინ ეს საპროკურორო ჩვენება იქნებოდა. ნოზაძეს გადარიცხვების ნამდვილობაში ეჭვი არ შეუტანია. უფრო მეტიც, მის ერთ-ერთ წერილში მკაფიოდ წერია, პრეზიდენტის განკარგულებები, რომელიც მსგავსი ხარჯების გაწევას შეეხებოდა 2013 წლის თებერვლის შემდეგ, „გრიფით საიდუმლოა“, სამსახურს „გრიფის“ მოხსნის კომპეტენცია არ გააჩნია, ამიტომ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. ამაზე მეტს, ამ მოწმისგან ფიზიკურადაც ვერ მივიღებდით, ეს მნიშვნელოვანი ჩვენებაა, მაგრამ ეს ჩვენება იმ ვითარებაშია მნიშვნელოვანი, როცა მოსამართლე ობიექტურია, ბატონი ბადრის პირობებში, ობიექტურობის მოლოდინი რა თქმა უნდა, არ გვაქვს“, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი