ბესიკ ხარანაული: ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს

“ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს“ | ბესიკ ხარანაულის ახალი ლექსი
“მგლები შეივრდომებენ
ტყეში დაგდებულ ბავშვს –
გამომიცდია.
ველზე დაგდებულს
არწივები მხარს დააფენენ –
გამომიცდია.
ადამიანები შეაგინებენ,
ღორები დაგლეჯენ –
გამომიცდია…
ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს,
მინდა, ხელი მოვხვიო და გადავიკარგო,
რომ ვუყურებ ამ დიდ ღორებს, მეშინია,
არ შემიჭამონ.
ადამიანს რად უნდა ბავშვები,
უნდა ჩიჩქნოს მიწა და ჭამოს ბავშვები.
და მეც, თუკი რამე კარგია ჩემში –
ბავშვი რომ ვიყავ.
თუ ნაძიძგნი ვარ – ღორებისგან,
თუ ნაგინები – ადამიანისგან.
ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს,
მინდა, ხელი მოვხვიო და გადავიკარგო.
ადამიანებს რად უნდათ ბავშვები,
ადამიანებმა უნდა ჭამონ ერთმანეთი.
ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს,
რადგან არ ვიცი,
როდის დაიწყებს დედამიწა ბავშვების ჭამას –
ხალხებში და კონფესიებში
იმდენია ჩლიქოსანი ცერზე შემართული.
დაყურებს ზეცა დედამიწას, როდის გაბრაზდება,
როდის მოხვევს ფრთებს არწივივით,
და, დაიკარგება,
მაგრამ ტყვეა მიწა ღორების.
მინდა, ხელი მოვხვიო ბავშვებს,
რომ არ შემიჭამონ,
მინდა, ფრთებზე შევისხა და გადავიკარგო“

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?