საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებით დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის – რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბედრია სიჭინავა წერს, რითაც ეხმაურება 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სიჭინავას განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გიორგი გახარიას გამამართლებელ მტკიცებულებად სასამართლოში წარადგენს.
სიჭინავა აღნიშნავს, რომ 20 ივნისის საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და „ამ დანაშაულის ავტორები და ორგანიზატორები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას“.
„მივესალმები 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ივნისს შეკრების შეწყვეტის ღონისძიებისას სახელმწიფოს ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება სამართალდამცავებზე თავდასხმისა და სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული შტურმის მოსაგერიებლად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არის დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება.
ცალკეულ შემთხვევებში, რასაც ჩვენვე წლებია ვადასტურებთ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი მხრიდან ძალის არაპროპორციულობას – კერძოდ კინეტიკური საშუალებების, არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიები) გამოყენების შემთხვევებში, რაც სასამართლოს განმარტებით, მათ შორის ეფუძნებოდა არასათანადო რეგულაციებს.
საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია!
დიდი პალატის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გიორგი გახარიას გამამართლებელ მტკიცებულებად სასამართლოში წარადგენს.
20 ივნისის საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და ამ დანაშაულის ავტორები და ორგანიზატორები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას.
პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, თითქოს ამ გადაწყვეტილებაში საუბარია გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არის უტიფარი ტყუილი!“, – წერს ბერდია სიჭინავა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს.
სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.




